ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე გაგამარუ დღეს დასავლეთის მე-7 ნომერ დაიშომარუს გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ნაგოიას ბაშოზე დასავლეთის მე-2 რეიტინგით ირჯება, თუმცა, წოდებაში დაწინაურება ძალიან გაუჭირდება, რადგანაც უკვე 7 ორთაბრძოლა აქვს წაგებული და კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ვერ გადაურჩება.
ხვალ, თეიმურაზის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-8 ნომრის წოდების მქონე იკიოი იქნება, რომელიც ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში 9:3-ს უგებს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ერთპიროვნულ ლიდერად იოკოძუნა კაკურიუ იქცა, რომელმაც დღეს მიჯრით მე-9 გამარჯვება იზეიმა, იოკოძუნა ჰაკუჰომ კი პირველი მარცხი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოსთან განიცადა.