მარათონული ბრძოლა, რომელიც ზუსტად 5 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და ლეგენდების მონაწილეობით ლეგენდარული ფინალი შედგა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ისტორია დაიწერა - უიმბლდონის ისტორიაში ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფინალი. საბოლოოდ, 32 წლის სერბმა ხუთ სეტში, 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 გაიმარჯვა და მეხუთედ მოიგო უიმბლდონის უპრესტიჟულესი ტურნირი (2011, 2014, 2015, 2018, 2019). ამ მაჩვენებლით ნოვაკი ლეგენდარულ ბიორნ ბორგს გაუტოლდა. ზოგადად კი, სერბის კარიერაში ეს მე-16 დიდი მუზარადის ტიტული გამოდგა.
შეხვედრის კულმინაცია მეხუთე, გადამწყვეტი სეტი გამოდგა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ, ყველაფერი 12:12-ის შემდეგ ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ჯოკოვიჩმა 7:3 იმარჯვა. საერთოდ, ნოვაკმა სამივე სეტი, რომელიც თავის სასარგებლოდ დაასრულა, სწორედ ტაიბრეიკზე მოიგო და ამ კომპონენტში ფედერერმა თამაში აშკარად ჩააგდო. ისე კი, „მხიარულ როჯერს“ არაფერი დაეწუნებოდა და 37 წლის ასაკშიც (პრაქტიკულად 38) დაამტკიცა, რომ დიდებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.
მატჩის კრიტიკული და გარდამტეხი მომენტი მეხუთე სეტის მე-16 გეიმი იყო. ფედერერი 8:7-ს იგებდა და თავად აწვდიდა. მე-16 გეიმის შვეიცარიელს სათავისოდ მიჰყავდა და 40:15 დაწინაურდა, შედეგად ორმაგი ჩემპიონპოინტი ჰქონდა, მაგრამ ორივე გაანიავა. თავის მხრივ, ჯოკოვიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როჯერს თავისსავე მოწოდებაზე კრიტიკულ მომენტში ორივე ქულა მოუგო და საბოლოოდ, ანგარიშიც გაათანაბრა. მერე კი ჩოგბურთელებს თავიანთი მოწოდებები არ დაუთმიათ და ყველაფერი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა.
„ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფინალია, რომელშიც მითამაშია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. სამწუხაროდ, ორიდან ერთი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. წარმოუდგენელი იყო ორმაგი მატჩპოინტის გაბათილება და შემდეგ გამარჯვება. როჯერი შთაგონების მუდმივი წყაროა, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ჩოგბურთელობაზე ვოცნებობდი და ამ ტურნირის მოგებაც ჩემს ოცნებებში შედიოდა. ეს განსაკუთრებული წარმატებაა და ჩემს ოჯახთან ერთად გავიზიარებ“, - თქვა ისტორიული მატჩის შემდეგ ტრიუმფატორმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი - როჯერ ფედერერი 3:2 (7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12)
მატჩის სტატისტიკა - ეისი: 10:25 ორმაგი შეცდომა: 9:6 ვინერსი: 54:94 უნებლიე შეცდომა: 52:61 ბრეიკი: 3/8:7/13