კალათბურთი

16:30 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული: “საქართველოში ევრობასკეტის ჩატარება მრავალი თაობის ოცნების ასრულება იქნება”
ხვალ, ფიბა-ევროპა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლებს დაასახელებს

საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია – აი, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაგან ოთხს, ხვალ, ფიბა-ევროპა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლებად შეარჩევს.

სპეციალური ღონისძიება გერმანიის ქალაქ მიუნხენის სასტუმროში Bayerischer Hof თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება აქვე მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარება ბოლოდროინდელი ტრადიცია გახლავთ. 2015 წელს ტურნირს ხორვატიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ლატვიამ უმასპინძლეს, 2017-ში კი – ფინეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და თურქეთმა.
ამჯერად, შეჯიბრის მიღების წინასწარი სურვილი ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, საბოლოო მოთხოვნების დაკმაყოფილება კი შვიდმა მოახერხა. თუკი, ხვალ შერჩეულ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა, უკვე დაპროექტებული სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2021 წლის აგვისტოში ევრობასკეტის 5 მონაწილეს უმასპინძლებს.
ცხადია, მათ საქართველოს ნაკრები დაემატება და ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები ჩატარდება. ჯგუფის 6 მონაწილიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა, დასკვნითი ეტაპის შეხვედრები კი უკვე არა – ოთხ, არამედ ერთ ქვეყანაში შედგება, რომლის ვინაობას ასევე 15 ივლისს შევიტყობთ.
ვთქვათ ისიც, რომ ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.
მოახლოებულ ღონისძიებას ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდიც გამოეხმაურა და კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც სთხოვა.
“საქართველოსთვის, რომელიც დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქვეყანაა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მრავალი თაობის ოცნების ასრულება, ნამდვილი გამოწვევა, სავსე დარბაზი, ჩინებული საკალათბურთო ატმოსფერო და დღესასწაული იქნება”, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.
ვთქვათ ისიც, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მიუნხენში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც აპირებს, რაც კარგის მომასწავებელი უნდა იყოს.

0.861605