ფეხბურთი

19:10 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვალა, ამიტომ სრული ინფორმაცია არ გვაქვს"

შიმქენთის „ორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „ტორპედოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ცხადაძის განცხადებით, „ტორპედო“ ბოლო წლებში საქართველოში დომინანტი იყო, მაგრამ გუნდში მომხდარი ცვლილებების გამო, არ იცის, როგორ ითამაშებს იმერული გუნდი.

„პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ვიწყებთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს და მართლაც მოუთმელად ველოდებით როგორ ითამაშებს „ორდაბასი“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღოთ და უპირველეს ყოვლისა ვაჩვენოთ ლამაზი, პროდუქტიული თამაში რაც მე და გულშემატკივრებს გვინდა გუნდისგან“.

- როდესაც გაიგეთ თქვენი მეტოქის შესახებ, რა ემოციები დაგეუფლათ?

- პირველ რიგში დავიწყეთ თამაშისთვის მზადება და მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვება. სავარაუდოდ იმას გულისხმოებთ, რომ ქართული გუნდი შეგვხვდა?

- მათ შორის...

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის გუნდი შეგვხვდა. ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ და დავალება კარგად შევასრულოთ. რაუნდი ორი მატჩისგან შედგება და პირველი თამაში ბევრ რამეს გამოაჩენს. თავდაპირველად რამის თქმა რთულია, უნდა მოვემზადოთ ჩვენი თამაშის საჩვენებლად. პირველი მატჩის შემდგე კი უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და მოვემზადებით მეორე თამაშისთვის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პოზიტიური შედეგი მივიღოთ.

- რა შეიტყვეთ მეტოქეზე?

- იცით, რომ ამ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ბოლო წლებში დომინირებდნენ საქართველოს ჩემპიონატში, მოიპოვეს ყველა ტიტული, მაგრამ ახლა გუნდში ბევრი ცვლილებაა. წავიდნენ ფეხბურთელები და მივიდა ბევრი ახალი ფეხბურთელი. ამიტომ ვამბობ, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, როგორ ითამაშებენ. ბოლო ტურამდე განსხვავებული შემადგენლობა ჰყავდათ, ახლა ბევრი რამ შეიცვალა. თამაშის მერე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მეორე მატჩისთვის.

- რამდენჯერ დარეკეთ საქართველოში ამის თაობაზე?

- მხოლოდ ერთხელ (იღიმის). მადლობა ღმერთს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ახლა 21-ე საუკუნეში ვიმყოფებით და ეს პრობლემა არაა. მაგრამ სამწუხაროდ 80%-ით ვერ ვიტყვი როგორ ითამაშებს „ტორპედო“ ხვალ. იმის გამო, რომ კიდევ ვიმეორებ, ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და შესაბამისად, შეიცვალა გუნდის ფილოსოფიაც. თამაშის დასაწყისიდანვე გამოჩნდება ყველაფერი და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ.

- თქვენ როგორ ითამაშებთ?

- ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. გვაქვს ჩვენი სათამაშო სისტემა და გვყავს ფეხბურთელები, რომელთა გამოყენება შეგვიძლია. საბედნიეროდ ყველა ფეხბურთელი კარგადაა.

- იყო თუ არა თქვენთვის უმჯობესი პირველი თამაში სახლში ჩაგეტარებინათ, ვიდრე სტუმრად?

- ალბათ სტუმრად გატანილ გოლს გულისხმობთ? დიახ, ეს დადებითია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის კარგია, რომ პირველ თამაშს სახლში ვატარებთ. იმედი მაქვს ბევრი გულშემატკივარი მოვა და დაგვეხმარებიან. ეს ნამდვილად გვჭირდება.

- ჩემპიონატში დატვირთული გრაფიკი ახდენს გუნდის მზადებაზე გავლენას?

- ჩვენ მხოლოდ აღდგენისთვის და სათამაშოდ გვაქვს დრო. ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს, უფრო მეიც, ვიმედოვნებთ ამ ბარიერს დავძლევთ და რაც შეიძლება შორს წავალთ, ეს მხოლოდ სასიამოვნო იქნება.

- „ტობოლთან“ მნიშვნელოვანი თამაში გელოდებათ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ...

- ამ თამაშზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხვალ გველოდება.

შეგახსენებთ, რომ „ორდაბასისა“ და „ტორპედოს“ მატჩი 11 ივლისს, თბილისის დრით 18:00 საათზე დაიწყება.

0.122723