კალათბურთი

11:45 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ინდიანას” პრეზიდენტი: “გოგა მუდამ იმეორებს, რომ მზადაა”
ქართველმა ცენტრმა NBA-ს საზაფხულო ლიგაში მე-2 მატჩი გამოტოვა

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს საზაფხულო ლიგაში მე-2 მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ქართველი ცენტრი კი, ადრეც გაჟღერებულ მიზეზთა გამო, მოედანზე ამჯერადაც არ გამოჩენილა.

ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “დეტროიტ პისტონსთან” მატჩისას, ბითაძე ინდიანელთა განაცხადში სიმბოლურად იყო, რადაგანაც სავიზო პრობლემების გამოისობით, ჯერაც თბილისში იმყოფება.
“ბითაძესთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ის მუდამ იმეორებს: “მე მზად ვარ, მე მზად ვარ”. სამწუხაროდ, გოგა ისევ საქართველოშია, თუმცა, იმედია, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და გუნდს შემოუერთდება”, - აღნიშნა “პეისერსის” პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა.
უშუალოდ დღევანდელი დაპირისპირება კი, ინდიანელთათვის წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ბითაძის ახალმა კლუბმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის სასტარტო შეხვედრა “მემფის გრიზლისთან” 75:101 წააგო, დეტროიტელებთან კი 84:102 დამარცხდა.
“პისტონსის” რიგებში საუკეთესო აარონ ჰოლიდეი იყო 20 ქულით, ალიზ ჯონსონმა ორმაგი დუბლი (15 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა, დევონ აკოონ-პერსელმა – 11, ბრიან ბოუენმა, მაიკილი მაკინტოშმა და შიზ ელსტონმა კი – 10-10.
“ინდიანა პეისერსი” ნევადაში მომდევნო მატჩს უკვე ხვალ დილით “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს, დასკვნითი შეხვედრა კი, 12 ივლისს ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ტორონტო რეპტორსთან” ელის.

0.113403