თბილისის "დინამოში" კიდევ ორი ახალწვეულია. გუნდის ღირსებას 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა დაიცავს. იგი დონეცკის "შახტარის" აღზრდილია, ბოლოს კი "ობოლონში" გამოდიოდა. შიშკას უკრაინის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.
ასევე "დინამოში" გაირჯება 23 წლის ფორვარდი მათე კვირკვია. იგი ბოლოს ბათუმის "დინამოში" გამოდიოდა, მანამდე კი, ახალგაზრდა თავდამსხმელი "ვიტ ჯორჯიაში", "ზესტაფონში", გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოსა" და "რუსთავში" ასპარეზობდა. კვირკვია ასევე საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებების ღირსებასაც იცავდა. ორივე ფეხბურთელმა "დინამოსთან" კონტრაქტი 6 თვე+1 წლით გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს 21.00 საათზე, "დინამო არენაზე" უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება. "დინამო" ანდორის "ენგორდანს" უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები "დინამო არენას" სალაროებში 9 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.
ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი.
შენიშვნა: გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის: 10, 17 სექტორებისა.
SKY BOX- ის ბილეთებისთვის მიმართეთ "დინამო არენას" სალაროებს (ადგილის ფასი 25 ლარი)
გულშემატკივარს ასევე ბილეთის ელქტრონული ვერსიის (მატჩზე მოსახვედრად აუცილებელია თან იქონიოთ ამობეჭდილი ბილეთი) ყიდვა შეეძლება:
როგორც აღვნიშნეთ, "დინამოს" მეტოქეობას ანდორის თასის მფლობელი - "ენგორდანი" გაუწევს. ანდორელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიან დუელში სან მარინოს "ლა ფიორიტას" 3:1 აჯობეს. "ენგორდანმა" პირველ მატჩში სტუმრად 1:0 იმარჯვა, ხოლო საშინაო შეხვედრაში 2:1 დაამარცხა მეტოქე.
"ენგორდანი" 1980 წელს დაარსდა და თავდაპირველად კლუბს "სპორტინგ ესკალი" ერქვა, 2001 წლიდან კი დღევანდელი სახელით მოიხსენიება. ამავე წლიდან გუნდი ანდორის ჩემპიონატში ჩაება და რამდენჯერმე მოუწია მეორე და პრიმერა დივიზიონებს შორის მიმოსვლა. "ენგორდანის" საუკეთესო შედეგად 2018 წელს ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილი ითვლება. 2016 წელს ჩვენმა მეტოქემ ანდორის თასის ფინალი დათმო, ხოლო წელს იგივე გათამაშების გამარჯვებული გახდა დაამარცხა რა ქვეყნის ჩემპიონი "სანტა კოლომა" ანგარიშით 2:0. წლევანდელი ჩემპიონატი "ენგორდანიმ" მეოთხე ადგილზე დაასრულა და სწორედ თასის მოგებთ მიიღო ევროთასზე ასპარეზობის უფლება.
ჩვენი ოპონენტი საშინაო მატჩებს ანდორა ლა ველას 1300 მაყურებელზე გათვლილ Estadi Comunal d'Andorra la Vella-ზე მართავს. საკლუბო ფერები კი შავ-თეთრშია გადაწყვეტილი. გუნდის კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი 35 წლის მარცხენა ვინგერი სებასტიან გომესი გახლავთ, რომელიც ანდორის ნაკრებში ასპარეზობს და დღემდე 31 მატჩიც ჩაუტარებია. ანდორის ეროვნულ ნაკრებში ასევე 23 წლის მცველი აარონ სანჩესი და 25 წლის ნახევარმცველი მარკ ფერე ასპარეზობენ. "ენგორდანში" არაერთი ესპანელი ლეგიონერი გამოდის, ასევე არიან ფეხბურთელები არგენტინიდან, პორტუგალიიდან, ურუგვაიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან და სერბეთიდან. ჩვენი ოპონენტის მთავარი მწვრთნელი 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფელიპე ბუშტო გახლავთ.
თბილისის "დინამოს" პრესსამსახური