თითქოს დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ რეალობაა - ბენინის ნაკრები აფრიკის თასის 1/4 ფინალში ისე გავიდა, რომ ამ ტურნირზე ბოლო 13 თამაში არ მოუგია.
მიშელ დუსიეს გუნდმა მერვედფინალში ცალსახა ფავორიტად აღიარებული მაროკოს ბარიერი დაძლია. აღნიშნული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ბენინელები ცივსისხლიანად გაისარჯნენ - 4:1.
სხვათა შორის, აღნიშნული მატჩის ანტიგმირი მაროკოელთა ვარსკვლავი ჰაკიმ ზიეჩი გახდა, რომელმაც ძირითადი დროის მეექვსე კომპენსირებულ წუთზე პენალტი ვერ გაიტანა - ძელს გაარტყა.
ბენინმა მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზეც ვერ მოიგო თუნდაც ერთი მატჩი: განას (2:2), გვინეა-ბისაუსა (0:0) და კამერუნს (0:0) დაუზავდა და 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ერგო ადგილი და პლეი-ოფში ამ გზით მოხვდა.
ეს კიდევ არაფერია: აფრიკის თასის უკანასკნელ ოთხ გათამაშებაში (2004, 2008, 2010, 2019), რომელშიც ბენინმა მონაწილეობა მიიღო, თამაში არ მოუგია - 13 მატჩი, 0 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება!
მიუხედავად ამისა, ბენინის ნაკრები აფრიკის თასის მეოთხედფინალშია, სხვათა შორის, ისტორიაში პირველად და ახლა სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება.