ქართველი ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი კარიერას „ვენტსპილსში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ლატვიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ეს მის კარიერას დადებითად წაადგება და ახალი გამოწვევისთვის მზადაა.
„დარწმუნებული ვარ „ვენტსპილსი“ ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველი შთაბეჭდილებები სასიამოვნო, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, პროფესიონალური და სერიოზული მიდგომაა. მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის. ხორვატიაში ცუდი პერიოდი არ გამიტარებია, პირველი დივიზიონის ჩემპიონებიც გავხდით, უმაღლეს დივიზიონში ვითამაშე, მაგრამ ზოგჯერ ცვლილების დროა და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - ციტირებს გიორგის სიტყვებს ლატვიური გუნდის ვებგვერდი.
მჭედლიშვილი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ხორვატიაში, „გორიცას“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც მოედანზე 32-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. მანამდე კი, „სამტრედიის“, „გურიის“, „დინამო თბილისის“, „ვიტ ჯორჯიის“, მარტვილის „მერანისა“ და „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
რაც შეეხება „ვენტსპილსს“, ლატვიის მიმდინარე ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.