ფეხბურთი

1:18 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: ფინალისტები გამოვლინდნენ

იტალიაში მიმდინარე ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ფინალისტები გაირკვნენ და ორი წლის წინადელ რიმეიქს ვიხილავთ - გერმანია და ესპანეთი ისევ ტიტულისთვის შეერკინებიან ერთმანეთს.

ესპანეთმა რეჯიო ემილიაში საფრანგეთი ადვილად დაამარცხა. არადა, „მამლებისთვის“ ყველაფერი ჩინებულად დაიწყო და უკვე მე-16 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ჟან-ფილიპ მატეტამ პენალტით ფრანგები დააწინაურა. მიუხედავად ამისა, ესპანეთი პირველივე ტაიმში წინ გავიდა. ჯერ მარკ როკამ გაათანაბრა, მერე კი მიკელ ოიარზაბალმა ასევე პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე ნახევარში პირნელებმა არათუ შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში, არამედ კიდევ უფრო გაიმყარეს უპირატესობა - დანიელ ოლმომ და ბორხა მაიორალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:1.

გაცილებით დაძაბული და დრამატული გამოდგა მეორე ნახევარფინალი გერმანიასა და რუმინეთს შორის. ბოლონიაში მაყურებელმა 6 გოლი იხილეს და 4 რუმინელთა კარში. თუმცა, ვლახებმა ამ ტურნირზე დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს და აქაც არ შეურცხვენიათ თავი. ნადიმ ამირის გოლს გეორგ პუშკაშმა პირველივე ტაიმში დუბლი შეაგება და რუმინეთი ანტრაქტს დაწინაურებული შეხვდა. მეორე ნახევარსი დასაწყისში კი ჯანლუკა ვალდშიდტმა პენალტით გაათანაბრა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 90-ე წუთზე ვალდშმიდტმა დუბლი გაიფორმა და ალემანებს ფინალისკენ გაუძღვა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი ამირიც დუბლით გამოირჩა - 4:2.

ფინალი 30 ივნისს უდინეში გაიმართება. ესპანეთს კი რევანშის შანსი მიეცემა, რადგან ორი წლის წინ გერმანიასთან სწორედ ფინალში წააგო.

გერმანია - რუმინეთი 4:2 (1:2)

გოლები: 1:0 ამირი (21), 1:1 პუშკაში (26, პენ), 1:2 პუშკაში (44), 2:2 ვალდშმიდტი (51, პენ), 3:2 ვალდშმიდტი (90), 4:2 ამირი (90)

ესპანეთი - საფრანგეთი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 მატეტა (16, პენ), 1:1 როკა (28), 2:1 ოიარზაბალი (45, პენ), 3:1 ოლმო (47), 4:1 მაიორალი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.214516