კალათბურთი

12:00 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრები ბელარუსთან და ისრაელთან ბათუმში 4 საკონტროლო მატჩს გამართავს

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება. ქვეჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან ირლანდიის, დანიის, უკრაინის, სლოვაკეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და გააგრძელებს ბრძოლას ტურნირის საუკეთესო სამეულში მოსახვედრად, რათა შემდეგი სეზონისთვის მოიპოვოს ელიტარულ – A დივიზიონში ასპარეზობის უფლება.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია თემურ კანკია, ხოლო ასისტენტი – ნიკა ცინცაძე. 18-წლამდელთა ნაკრები ივნისის დასაწყისში შეიკრიბა და მწრთნელებმა უკვე საკმაოდ ბევრი კანდიდატი გამოსცადეს, რომელთაგანაც დარჩენილია 14 კალათბურთელი. 25, 27, 29 და 30 ივნისს 18-წლამდელთა ნაკრები ბათუმში 4 საკონტროლო მატჩს გამართავს. კანკიას გუნდი ორჯერ ბელარუსს, ხოლო ორჯერ ისრაელს დაუპირისპირდება.

საქართველო – ბელარუსი 25 ივნისი, 18:00
ისრაელი – საქართველო 27 ივნისი 17:00
ბელარუსი – საქართველო 29 ივნისი, 14:00
საქართველო – ისრაელი 30 ივნისი, 09:00

საქართველოს ნაკრებისთვის ბათუმური ამხანაგური მატჩები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბელარუსი და ისრაელი საკმაოდ სოლიდური გუნდები არიან და მათთან კარგად გამოჩნდება ის ნაკლოვანებები, რაზეც დარჩენილ მოსამზადებელ პერიოდში მწვრთნელებს მუშაობა მართებთ. ბელარუსისა და ისრაელის ნაკრებები აჭარაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით იმყოფებიან.

www.gbf.ge

0.143862