ფეხბურთი

2:09 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: ფეირ-პლეის პრინციპების ღალატი - ორივე გუნდისთვის სასურველი ფრე, კარში დარტყმის გარეშე!

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა. ესპანეთსა და გერმანიას, რუმინეთი და საფრანგეთი შეუერთდნენ. შესაბამისად, იტალიაში მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონობისთვის ეს ოთხი ქვეყანა იბრძოლებს.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, ტურნირის ფორმატს შეგახსენებთ: სამი ჯგუფიდან პირველადგილოსნები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდა ნახევარფინალში. ჯგუფები კი, ესპანეთმა, გერმანიამ და რუმინეთმა მოიგეს, ხოლო მეორეადგილოსნებს შორის, ყველაზე მეტი 7 ქულა საფრანგეთმა დააგროვა და ისიც პლეი-ოფშია.

ბოლო ტურის წინ ასეთი ვითარება იყო: რუმინეთსა და საფრანგეთს 6-6 ქულა ჰქონდათ და ერთმანეთს ხვდებოდნენ. საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვების შანსს მასპინძელი იტალია ინარჩუნებდა. „აძურინი“ იმ შემთხვევაში გავიდოდა ნახევარფინალში თუ რუმინეთი საფრანგეთს დაამარცხებდა (ნებისმიერი ანგარიშით) ან საფრანგეთი რუმინეთს მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით აჯობებდა. თავის მხრივ, ყველამ კარგად იცოდა, რომ რუმინეთი და საფრანგეთი ფრის შემთხვევაში აუღელვებლად გავიდოდნენ ჯგუფიდან და ასეც მოხდა.

ჩეზენაში, ფრანგმა და რუმინელმა ფეხბურთელებმა ფეირ-პლეის პრინციპებს (რაც მანამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ სხვა გუნდებს) ზურგი აქციეს, მასპინძელიც დაივიწყეს და მშვიდი, უგოლო ფრე გააგორეს... შეხვედრა მეტად მოსაწყენი გამოდგა, თითქოს ყველაფერი თავიდანვე დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა და პრინციპში იყო კიდეც. 90 წუთში არც რუმინეთისა და არც საფრანგეთის ნაკრებს კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ და ეს იმთავითვე ყველაფერზე მიანიშნებს.

საბოლოოდ, რუმინეთმა და საფრანგეთმა 7-7 ქულა დააგროვეს, ვლახები კი პირველ პოზიციაზე ბურთების უკეთესი ბალანსი გამო აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, რუმინეთი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. საფრანგეთი კი, საუკეთესო მეორეადგილოსანი გამოდგა სამივე ჯგუფში და ისიც გავიდა ჯგუფიდან. როგორც ვთქვით, ფრანგებმა 7 ქულით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი, ხოლო A და B ჯგუფის მეორე ადგილოსნებმა იტალიამ (+3 ბურთების ბალანსი) და დანიამ (+2 ბურთების) ბალანსი 6-6 ქულით.

ცნობისთვის, C ჯგუფში მეორე მატჩიც იყო და ისიც ფრედ დასრულდა, ოღონდ ლამაზი ფეხბურთი მაინც აჩვენეს გუნდებმა. ინგლისმა და ხორვატიამ სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. პრინციპში ალბიონელებსა და ბალკანელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ევროპის ჩემპიონატი დღეს მოპოვებული კინკილა ქულით დაასრულეს.

ნახევარფინალები 27 ივნისს გაიმართება, ესპანეთი - საფრანგეთს, გერმანია - რუმინეთს შეხვდება.

საფრანგეთი - რუმინეთი 0:0 (0:0)

ხორვატია - ინგლისი 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ნელსონი (11, პენ), 1:1 ბრეკალო (39), 1:2 მედისონი (48), 2:2 ვლაშიჩი (62), 2:3 კენი (70), 3:3 ბრეკალო (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.221021