ფეხბურთი

1:33 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: ესპანეთი ნახევარფინალშია, იტალია - სხვების იმედზე

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატს პირველი ნახევარფინალისტი ჰყავს და ეს ესპანეთის ნაკრებია. არადა, „ფურია როხამ“ პირველ ტურში მასპინძელ იტალიასთან უშანსოდ 1:3 წააგო და მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა.

თუმცა, ეს რეალობაა. პირინელებისთვის საკითხი მარტივად იდგა - პოლონეთი მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინა და აუცილებლად პირველ ადგილზე გავიდოდა. ესპანეთმა ამოცანას თავი ჩინებულად გაართვა და სამბურთიანი უპირატესობა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოიპოვა. მეორე ნახევარში კი უპირატესობა განიმტკიცა და საბოლოოდ 5:0 მოიგო.

პარალელურად, მასპინძელმა იტალიამ ბელგია ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა, მაგრამ ეს აპენინელთათვის დიდი ვერაფერი შვება უნდა იყო. „აძურინი“ პირველ ადგილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ თავად მოიგებდა და ესპანეთი პოლონეთს დაამარცხებდა, ოღონდ მაქსიმუმ ორი ბურთის სხვაობით. იტალიამ მოიგო, ესპანეთმაც დაამარცხა პოლონეთი, მაგრამ არა ერთი ან ორი, არამედ 5 ბურთის სხვაობით. აი, პოლონეთი კი საწყის ორ ტურში მოპოვებული ქულათა მაქსიმუმის მიუხედავად ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ყოველგვარი შანსი დაკარგა.

ჯგუფური ეტაპი ესპანეთმა, იტალიამ და პოლონეთმა 6-6 ქულით დაასრულეს, ბელგიამ - უქულოდ. საბოლოოდ, ესპანეთს, იტალიასა და პოლონეთს შორის ბურთების ბალანსი დაითვალა, ოღონდ ერთმანეთში ნაჩვენები, ბელგიასთან შედეგი კი ავტომატურად გაუნულდათ პირველი ადგილის გასარკვევად.

გაირკვა კიდეც - ესპანეთმა იტალიასთან და პოლონეთთან 3 ქულა მოიპოვა, ბურთების ბალანსი კი - 6:3-თან და ეს სამეულში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. იტალიამ და პოლონეთმაც ამ სამეულში 3-3 ქულა მოიპოვეს. იტალიელთა ბურთების ბალანსი 3:2-თანაა და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პოლონეთის 1:5-თან და ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

ესპანეთი უკვე ნახევარფინალშია, ხოლო იტალიას შანსი ჯერ კიდევ დარჩა, რომ ოთხეულში გავიდეს, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი. თუმცა, ამისთვის ჯგუფური ეტაპი უნდა დასრულდეს და სიმართლე რომ ვთქვათ, მასპინძელთა შანსი საკმაოდ მცირეა...

ბელგია - იტალია 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბარელა (44), 0:2 კუტრონე (53), 1:2 ვერშაერენი (79), 1:3 კიეზა (89)

ესპანეთი - პოლონეთი 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ფორნალსი (17), 2:0 ოიარზაბალი (35), 3:0 ფაბიან რუისი (39), 4:0 სებალიოსი (71), 5:0 ბორხა მაიორალი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.268617