ფეხბურთი

10:21 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი, კულტურა, ბედნიერება - კოპენჰაგენი

დანიაში დიდი ხანია ფეხბურთი წარმატებული სპორტის სახეობაა და ბუნებრივია, როდესაც „თელია პარკენისგენ“ ავიღე გეზი, სავსე სტადიონს ველოდებოდი. მეგონა, ლოგიკურად ვფიქრობდი, რადგან კოპენჰაგენის მშვენიერი ნაგებობა სულ რაღაც 40 ათას ადამიანზეა გათვლილი და ვერ წარმომედგინა, რომ ეროვნული ნაკრების თამაშზე არ გაივსებოდა.

საერთოდ, „პარკენი“ ჩინებული ნაგებობაა - გარევიზუალი დიდად მოხიბლულს ვერ დაგტოვებთ, თუ არ იცი, შესაძლოა ვერც იფიქრო, რომ საფეხბურთო სტადიონია. უფრო სწორად იცნობ, ოღონდ მხოლოდ იმით, რომ სტადიონის კედლებზე დანიის 1992 წლის ნაკრების ფეხბურთელების პლაკატებია გამოფენილი. ასე აფასებენ ლეგენდარულ გუნდს, რომელმაც დანიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება გამოჭედა და ევროპის ჩემპიონი ბევრისთვის მოულოდნელად გახდა.

სამაგიეროდ, ინტერიერი შთამბეჭდავია. რამდენადაც ჩვეულებრივი არენაა გარევიზუალით, იმდენად ეფექტურია, როდესაც შიგნით ესტუმრები და შენს თვალწინ უცნაური, მაგრამ ფანტასტიკური, დიდებული ნაგებობა იშლება. არენა, რომლის ნებისმიერი წერტილიდან მოედანი ხელის გულივით ჩანს. „პარკენის“ უპირატესობაა ისიც, რომ თუნდაც არ გაივსოს, მასპინძელი გუნდი თავს ეულად არ იგრძნობს - მხურვალე ქომაგობა წითელი ტრიბუნებიდან გარანტირებულია.

როგორც უკვე ვთქვით, „პარკენი“ არ გაივსო და ალბათ ეს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების დამსახურება იყო. რამდენადაც მწარე რეალობა იყოს, უნდა მივიღოთ - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის სტუმრობამ დანიის დედაქალაქში დიდი ინტერესი ნამდვილად არ გამოიწვია. მატჩისწინა დღეს ქალაქში საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ხვალ მათი ეროვნული ნაკრები თამაშობდა. არ იგრძნობოდა არც თამაშის დღეს, მაგრამ მატჩის დაწყებამდე 3-4 საათით ადრე, სტადიონის მიმდებარედ ქომაგები ნელ-ნელა იყრიდნენ თავს. ერთი დეტალი, რაც ჩვენთვის შესაძლოა საკვირველია, თორემ ისე ჩვეულებრივი მოვლენაა - ყველა წითელი მაისურებით, ქუდებით, შარფებითა და დანიის დროშებით იყვნენ შეიარაღებულნი. გულშემატკივრები იქვე, კაფე-ბარებში იკრიბებოდნენ, ლუდს შეექცეოდნენ, ალბათ მატჩისწინა პერიპეტიებს განიხილავდნენ და დრო გაჰყავდათ. ვცადეთ კიდეც ერთ-ერთ ბარში შესვლა, მაგრამ უმალვე უკან გამობრუნება მოგვიწია - აქაოდა, მაგიდა წინასწარ უნდა დაგეჯავშნათო. სხვათა შორის, იქ მხოლოდ გულშემატკივრები ისხდნენ და მატჩისთვის ემზადებოდნენ. უნდა ითქვას, რომ დანიელი ქომაგები თავიანთი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ (და, როგორ გინდა გაგიკვარდეს?!) მხოლოდ იმას მარჩიელობდნენ, ერიკსენი გაიტანდა, დოლბერგი, პოულსენი თუ სამივე მათგანი...

სტადიონს რაც უფრო ვუახლოვდებოდით საფეხბურთო გარემოც იზრდებოდა. იქვე დანიის ნაკრების შარფები იყიდებოდა და უბრალოდ, დავინტერესდით - აღმოჩნდა, რომ ერთი ცალი შარფი 100 კრონი ღირდა (ჩვენი ვალუტით დაახლოებით 38 ლარი). ამასობაში თამაშის დაწყების დროც ახლოვდებოდა და ჩემდა გასაკვირად, ტრიბუნებზე უჩვეულო სიხალვათე მაოცებდა. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ოდენ 15 ათას ქომაგამდე დაესწრო მატჩს და სექტორების რიგი ნაწილი საერთოდაც დახურული დარჩა.

არადა, მატჩამდე დანიის ნაკრების მრავლისმნახველი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე და ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი საქართველოს ნაკრებზე მოწიწებით საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად დიპლომატიური ფრაზები იყო, მაგრამ ორივემ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთის კონტროლი და შეტევაში ტექნიკური თამაში ეხერხებოდა. სამწუხაროდ, მოედანზე ჰარეიდესა და ერიკსენის პროგნოზები ნაკლებად გამართლდა და საქართველოს ნაკრებს „პარკენზე“ ნამდვილად არ უჩვენებია ფეერიული ფეხბურთი. ასე იყო თუ ისე, სტადიონზე მაინც ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა, მიუხედავად იმისა, რომ სანახევროდაც არ შეივსო. გულშემატკივრები წამით არ ჩერდებოდნენ და თავიანთი სათქმელი ფეხბურთელებამდე იდეალურად მიჰქონდათ. შთამბეჭდავი იყო დანიის ჰიმნის გაჟღერება - ჰიმნი მუსიკის ფონზე დაიწყო, მაგრამ მალევე ფანებმა მის გარეშე განაგრძეს სიმღერა და საქმეს თავი იდეალურად გაართვეს.

საერთოდ, კოპენჰაგენი სპორტული ქალაქია - მოსახლეობის აბსოლუტური უმრაველოსობა ველოსიპედს ანიჭებს უპირატესობას და ქალაქში ვერ ნახავთ ქუჩას, სადაც ველობილიკი არაა. მეტიც, ისე იცავენ მოძრაობის წესებს და ისეთივე სავალდებულოა, როგორც ავტომობილებისთვის. განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მოსახლეობის უმეტესობა ველოსიპედით ამჯობინებს გადაადგილებას და არც გაემტყუნებათ... მარტო ამაშიც არ გამოიხატება კოპენჰაგენის სპორტული სტატუსი - ყველა ქუჩაზე ნახავთ მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს.

თავს ვერ დავდებ, რომ დანიაში კალათბურთი დიდად პოპულარული სახეობაა და ამიტომაც მიკვირდა, რომ თითქმის არცერთი საკალათბურთო მოედანი ცარიელი არ ყოფილა და ბავშვები თუ ოდნავ მოზრდილები თავს ირთობდნენ. სხვათა შორის, „თელია პარკენიდან“ 100 მეტრში სპორტული კომპლექსია, სადაც რამდენიმე საფეხბურთო მოედანია (თანაც, ბუნებრივი საფარით) და თამაშის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყო - სტადიონს ოდნავ გასცდები და შენს წინაშე მწვანე სივრცე იშლება. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში კოპენჰაგენელების თეთრი შურით შემშურდა და გავიფიქრე, რა მოხდება თბილისშიც რომ იყოს მსგავსი მასშტაბის თუ არა, შედარებით მოკრძალებული სივრცე...

სხვათა შორის, როდესაც „პარკენს“ პირველად მივუახლოვდი ჩემთვის გასაკვირი სურათი დამხვდა - მინი ბრაზილიური კარნავალი. ზედ სტადიონის მიმდებარედ ბრაზილიელი გოგონები (ჩვეული სითამამით) ართობდნენ ადგილობრივ პუბლიკას და ხსენებული პუბლიკა მწირი რაოდენობის სულაც არ ყოფილა.

როგორც შემდგომ გავარკვიეთ, იმ დღეებში დანიაში ეროვნული დღესასწაული ყოფილა და ქალაქის ქუჩებში საზეიმო ვითარებასათუ სხვადასხვა სახის ღონისძიებას არაერთხელ გადავაწყდით. მაგალითად, თამაშის დღეს ქალაქის ცენტრში „სამეფო რბენა“ იმართებოდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ყველა და იღებდნენ ოჯახებით - კაცები, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები თუ მოხუცები.

ხალხი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა ითქვას - თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა. ქუჩაში თუ ვინმეს დახმარებას თხოვდი, არავინ დაგზარდებოდა, მეტიც, თავაზიანად, ღიმილით დეტალურად გიპასუხებდა ყველაფერს, რასაც კითხავდი - იცოდა თუ არ იცოდა, ეჩქარებოდა თუ არ ეჩქარებოდა. ერთია, თამაშის შემდეგ, როდესაც "პარკენზე" ჟურნალისტების სამუშაო სივრცეში ჩვენს საქმიანობას ვასრულებდით და იქვე დანიელი კოლეგებიც იყვნენ, სტადიონის მომსახურე პერსონალმა მოულოდნელად გამოგვიცხადა, 5 წუთში ჩვენი სამუშაო დრო იწურება და თუ შეიძლება აქაურობა დატოვეთო (ცხადია, თავაზიანი ფორმით). სიმართლე რომ ვთქვათ, ამან ჩვენი გაკვირვება და ცოტა გაბრაზებაც გამოიწვია. არც დანიური მედიის წარმომადგენლები ჩამოგვრჩნენ და სცადეს პროტესტი გამოეთქვათ, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გააწყო - "პარკენი" ისე დავტოვეთ, საქმის ბოლომდე დასრულება ვერც მოესწრო.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დანიისა და საქართველოს ნაკრების მატჩმა ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაიარა, კოპენჰაგენი სპორტული ქალაქია და კოპენჰაგენში ფეხბურთი ძალიან უყვართ.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

0.114485