ფეხბურთი

20:55 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: "ფოლა ეში" 111-წლიანი ისტორიით

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ვიცე-ჩემპიონ „ფოლა ეშს“ დაუპირისპირდება. ბევრს ეს სახელი არაფერს ეუბნება, მაგრამ ფაქტია, ბოლო წლებში ევროტურნირებზე გამუდმებით თამაშობს და ორი წლის წინ ორი ეტაპიც დაძლია.

სხვა თუ არაფერი, „ფოლა ეში“ განთესილ გუნდებში იყო, ხოლო „ჩიხურა“ - განუთესავებში. მოკლედ, იმერულ გუნდს უცნობი მეტოქის წინააღმდეგ კონცენტრაციით თამაში მართებს, რადგან სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. ვეცდებით, „ფოლა ეში“ შედარებით ახლო ხედით წარმოგიდგინოთ.

ისტორია

„ფოლა ეში“ 111 წლის ისტორიას ითვლის, რადგან ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, 1906 წელს შეიქმნა. ამ პერიოდში 7-ჯერ გახდა ლუქსემბურგის ჩემპიონი და საუკეთესო წლები 1917-1930 წლებში ედგა, რადგან ხსენებულ პერიოდში 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და ოთხჯერ ლუქსემბურგის თასი მოიგო.

ოქროს წლები „ფოლას“ ბოლო დროს დაუბრუნდა და 2013 და 2015 წლებში ორგზის გახდა ჩემპიონი, ხოლო 2011 და 2014 წლებში თასიც მოიგო. გასულ სეზონში ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და „დუდელანჟს“ ჩამორჩა.

ევროპული ისტორია

„ფოლა ეშს“ სამ ევროტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, თასების თასი) უთამაშია, თუმცა, განსაკუთრებული წარმატების გარეშეი. დებიუტი 1973-1974 წლების სეზონში თასების თასზე ჰქონდა, სადაც ბულგარულ „ბერო სტარასთან“ გაცამტვერდა ორი მატჩის ჯამში 1:11 (0:7, 0:4).

აქედან მოყოლებული ლუქსემბურგული გუნდი ევროსარბიელზე 37 წლის განმავლობაში ვერ გადიოდა და ნავსი 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგით გატყდა. „ფოლა“ ამჯერადაც პირველივე ეტაპზე დამარცხდა, ოღონ შვედურ „ელფსბორგს“ შედარებით ბრძოლა გაუმართა (1:1, 0:4).

2013-2014 წლების სეზონში უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯერი დადგა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ვერაფერს გახდა - 0:5, 0:1. მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე „გიოტებორგთან“ წააგო (0:2, 0:0), რასაც 2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ზაგრების „დინამოსთან“ მარცხი მოჰყვა (0:3, 1:1), ხოლო ერთი წლის მერე ევროპა ლიგაზე „აბერდინთან“ ჭიდილში დაემშვიდობა (1:0, 1:3). თუმცა, ეს მაინც ისტორიული თამაში იყო „ფოლასთვის“, რადგან ევროტურნირებზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გაცილებით წარმატებული გამოდგა 2017-2018 წლების სეზონი, სადაც „ფოლა ეში“ ევროპა ლიგაზე მისთვის მართლაც დიდებულად გამოვიდა და ორი ეტაპი დაძლია. ჯერ ომლდოვური „მილსამი“ დაამარცხა (2:1, 1:1), მერე მის გზას ბაქოს „ინტერიც“ გაუყენა (4:1, 0:1). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი შვედურ „ოსტერსუნდთან“ ვერაფერი გააწყო (1:2, 0:1).

გასულ სეზონში კი, ევროპა ლიგაზე კვლავ დაძლია საწყისი ეტაპი - კოსოვოს „პრიშტინას“ პენალტების სერიაში 5:4 აჯობა, ისე ორ თამაშში გოლი არ გასულა. თუმცა, შემდეგ ბელგიურ „გენკთან“ განადგურდა (1:4, 0:5).

მთლიანობაში „ფოლა ეშის“ ევროტურნირებზე 18 მატჩიდან 3 აქვს მოგებული, 4-ჯერ ფრეს გამორჩა, 11-ჯერ დამარცხა, გაიტანა 13 გოლი და გაუშვა - 38. ერთხელ ორი ეტაპი დაძლია, ერთხელაც ერთი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში პირველივე სტადიაზე გამოეთიშა ასპარეზობას.

აწმყო

როგორც უკვე გითხარით, „ფოლა ეშმა“ გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და „დუდელანჟს“ ჩამორჩა. „ჩიხურას“ მომავალი მეტოქისთვის სეზონი 26 თამაშში მოპოვებული 50 ქულით და ლიდერთან 9-ქულიანი ჩამორჩენით დასრულდა. ამჯერად ლუქსემბურგის ჩემპიონატი არ დაწყებულა, „ფოლა ეშს“ კი სპარინგების გამართვა უწევს. „ჩიხურამდე“ ლუქსემბურგელები „მანჰეიმს“ გაეიჯბრებიან.

მწვრთნელი

„ფოლა ეშის“ მთავარი მწვრთნელი ჯეფ სტრასერია, რომელიც დიდი სამწვრთნელო გამოცდილებითა და წარმატებით ვერ დაიკვეხნის. ყველაფერი 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც „ფოლას“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, ხოლო 2012-2017 წლებში უკვე მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდშ გუნდი ორჯერ გახადა ლუქსემბურგის ჩემპიონი და ამდეჯერვე მოაგებინა ლუქსემბურგის თასი.

2017 წელს გერმანულ „კაიზერლსაუტერნში“ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ 2018 წელს „ფოლა ეშს“ დაუბრუნდა.

სხვათა შორის, სტრასერს საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს „მეცის“ „კაიზერსლაუტერნის“, „გლადბახის“, „სტრასბურგის“, „გრასჰოპერსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2010 წელს კარიერა სწორედ „ფოლა ეშში“ დაასრულა.

კონტიგენტი

უნდა აღნიშნოს, რომ „ფოლა ეში“ საკმაოდ ინტერნაციონალური გუნდია. რა თქმა უნდა, გუნდში ლუქსემბურგელი ფეხბურთელები სჭარბობენ, მაგრამ ლეგიონერების ნაკლებობასაც არ უჩივის.

აქ არიან ფრანგი, კონგოელი, ბოსნიელი, ბელგიელი, მაროკოელი, მაკედონიელი, პორტუგალიელი, სენეგალელი და სლოვაკი მოთამაშეები. სხვათა შორის, „ფოლას“ ექვსი ფრანგი ლეგიონერი ჰყავს...

მთლიანი შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

მეკარეები: ტომას ჰიმი, კრის კლემენი, ემანუელ კაბრალი

მცველები: ბილი ბერნარდი, სედრიკ საკრასი, რომან პიერარი, ტომ ლატერცა, მეჰდი კირხი, იულენ კლეინი, პეტერ შრაპანი, გუილამ მურა

ნახევარმცველები: როდრიგ დიკაბ, ტიაგო მონტეირო, ველდინ მუჰარემოვიჩი, კორენტინ კოსური, ბრუნო ფრერე, დეივიდ სინანი, ლუკას კორეია, ენის საიტი, ლუკას რაპოსო, რაიან კლაპი

თავდამსხმელები: კენ კორალი, დრიტრო კელმენდი, სტეფანი ბენსი, სამიდ ჰადი, აშრაფ დრიფი, ხერარდ მერში, ზაშარ ჰადი, მუსა სეიდი

სტადიონი

„ფოლა ეშის“ საშინაო არენა „სტად ემილ მაირიშია“, რომელიც სულ რაღაც 4 ათას მაყურებლზეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ 11 ივლისს „ჩიხურა“ „ფოლა ეშს“ ლუქსემბურგში ესტუმრება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ საქართველოში დაუხვდება. წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური „აბერდინისა“ და ფინური „როვანიემის“ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

0.109472