25 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარ “გრან კანარიაში” გააგრძელებს. ლას პალმასის წარმომადგენელი კლუბის ცნობით, ქართველ მძიმე ფორვარდთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “გრან კანარიამ” ისტორიაში პირველად ევროლიგაში ითამაშა, ესპანურ ლიგა ენდესაში კი 14 მოგება და 20 მარცხი მიითვალა და სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.
თავის მხრივ, ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” მხოლოდ 10 გამარჯვება იზეიმა და ელიტას დაემშვიდობა, თუმცა, ბურჯანაძის დამაჯერებელი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ის მომავალ სეზონშიც ლიგა ენდესაში გაირჯება.
ბექამ “გიპუზკოა ბასკეტის” მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 11.2 ქულა, 5.8 მოხსნა და 1.1 პასი იყო. ბურჯანაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა, თუმცა, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო არ უთამაშია.