საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში “ჰიუნდაიმ” ბრძოლის მორიგი მაგალითი აჩვენა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 2:2. 19 მაისს, 18:00 დანიშნულ სუპერფინალურ მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, ჩემპიონიც ის გახდება და დაეპატრონება 16-წლამდელთა გარდამავალ თასს.
რაც შეეხება მატჩს, იგი ზაზას აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო. ერთ ეპიზოდში აკადემიელები 22:10 იგებდნენ, თუმცა “ჰიუნდაის” მოთამაშეებმა უკან არ დაიხიეს და პერიოდის ბოლოდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მეორე ათწუთეულში თამაშზე კონტროლი დააწესეს. ფარქვეშა და პერიმეტრიდან კომბინირებული თამაშით ჰიუნდაელებმა მეტოქე გაანეიტრალეს და 20:8 მოგებული მეოთხედის შემდეგ დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 34:30.
თამაში თანაბარ ბრძოლაში განახლდა. “ზაზა” მეტოქეს კუდში მისდევდა, ხანაც წინ გადიოდა, თუმცა სოლიდურ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ეპატრონებოდა. ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო პერიოდში გაირკვეოდა და ასეც მოხდა. უაღრესად თანაბარი ათწუთეულის ბოლოსწინა წუთზე “ზაზა ქულით – 63:62 იგებდა, როცა ჰიუნდაელებმა გარდამტეხი ეპიზოდი გაითამაშეს. გიორგი გუგუციძემ ფარქვეშიდან ეგრედ წოდებული AND1 ჩააგდო და ზუსტი ბონუს ქულის შემდეგ “ჰიუნდაი” 65:63 დააწინაურა. საფინალო სირენამდე წუთით ადრე ზაზას აკადემიელმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და შემდეგ შეტევაში ჰიუნდაელებმა ოქროს სამქულიანი მიითვალეს. კოსტანტინე სუხიშვილის შორი სროლა ზუსტი აღმოჩნდა და საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე ჰიუნდაელები 68:64 დაწინაურდნენ.
გამარჯვებამდე “ჰიუნდაის” მეტოქის შეტევის მოგერიება აკლდა და ესეც მოახერხა, როცა გიორგი მახსნიაშვილმა სამქულიანი ააცილა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს ჰიუნდაელები დაეპატრონნენ. შეხვედრა საბოლოოდ 71:64 (სტატისტიკა) დასრულდა და სერიაც გათანაბრდა. გამარჯვებულებს 26 ქულითა და 11 მოხსნით გიოტგი გუგუციძემ ულიდერა. 15 ქულა ჩააგდო მიხეილ დაბრუნდავილმა, ხოლო კოსტანტინე სუხიშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. “ზაზაში” 13 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გუჯა ხვედელიძე. 10 ქულა გიორგი მახნიაშვილმა მოაგროვა.
როგორც აღვნიშნეთ, ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა 19 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
www.gbf.ge