„აიაქსის“ მცველი, მატეის დე ლიხტი, შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს AS.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს კატალონიური კლუბის გაუმჯობესებული წინადადებაც არ ხიბლავს, რადგან პარიზელთა შეთავაზება უფრო სარფიანია. თანაც „ბარსელონა“ დე ლიხტს მუდმივ ადგილსაც ვერ ჰპირდება ძირითად შემადგენლობაში.
პსჟ-ის შანსებს ისიც აძლიერებს, რომ პარიზელთა ახალ სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს კარგი ურთიერთობა აქვს მოთამაშის აგენტ მინო რაიოლასთან.
გასულ სეზონში 19 წლის დე ლიხტმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა. ამდენივე გოლით გამოირჩა ის ჩემპიონთა ლიგაშიც.
დე ლიხტის კონტრაქტი „აიაქსთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.