საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან (1:5) წაგების შემდეგ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, წაგების მიზეზი შემადგენლობა არ იყო და ამას სხვა მიზეზები ჰქონდა.
სლოვაკის განცხადებით, გუნდის მთავარი საზრუნავი ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპია.
„მოიგო უკეთესმა გუნდმა, იყო კარგი მომენტიც, მაგრამ დანიამ დამსახურებულად გაიმარჯვა. ვფიქრობ, მეტოქეს მსაჯის დახმარება არაფერში სჭირდებოდა. შემადგენლობა? ვიცი, ვინ როგორ ფორმაში და კონდიციაში იმყოფება. თამაში თავიდან რომ იწყებოდეს, ისევ იგივე შემადგენლობას დავაყენებდი, წაგებას სხვა მიზეზები აქვს.
ხარაბაძე და ხარაიშვილი? ხარაბაძეს ჯერ სათანადო გამოცდილება არ აქვს და ამიტომ, ნავალოვსკი ვამჯობინე, რაც შეეხება ხარაიშვილს, მისი გამოყვანა გეგმაში იყო, მაგრამ თამაშის სცენარმა ამის შესაძლებლობა არ მომცა.
რა თქმა უნდა, კონცენტრაცია საჭირო იყო, მაგრამ როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ჩვენთვის ყველაფერი გართულდა. ცხადია, მსგავსი შედეგით არავინ იქნება კმაყოფილი, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი ერთა ლიგის 2020 წლის ნახევარფინალია“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ევრო 2020-ის შესარჩევმა ციკლში 8 სექტემბერს, თბილისში, სწორედ დანიის ნაკრებთან გამართავს.
გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან