საქართველოს ნაკრები დანიაში დამარცხდა და სამშობლოში უქულოდ დაბრუნდება. კოპენჰაგენში, თამაშმა დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია და ტრიბუნები ხალხისგან მეტისმეტად შეთხელებულიც გახლდათ.
სამაგიეროდ, მასპინძელმა ნაკრებმა გამართული თამაში აჩვენა და გაიმარჯვა. თავის მხრივ, საქართველო 1 საათის განმავლობაში ბრძოლაში იყო, მაგრამ საბოლოოდ, დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, მსაჯის საკამათო მოქმედებები მთელ რიგ ეპიზოდებში, მაგრამ რას ვიზამთ. ვთქვათ, ისიც, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი „თელია პერკენზე“ მეტად შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა დანიის დედაქალაქს, მაგრამ ვაი, რომ ალიბად ესეც არ გამოდგება.
დანიამ საქართველო დაჯაბნა, მეტწილად სტანდარტული სიტუაციებში და მეორე სართულზე, სადაც მასპინძლები ბატონობდნენ. გარდა ამისა, მოვიკოჭლებდით ზუსტ და ზოგადად, პასებშიც, რადგან დანია ბურთს აკონტროლებდა და ძირითადად საქართველოს ნაკრებს უბურთოდ უწევდა მოედანზე ყოფნა.
პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველო კი მეორე ნომრად თამაშს ცდილობდა, რაც ძალიან იშვიათად გამოსდიოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ოგე ჰარეიდეს გუნდი თამაშიდან განსაკუთრებულ ხიფათს ვერ ქმნიდა, მაგრამ აი, სტანდარტული მდგომარეობებიდან რადუკალურად სხვა სურათი იყო.
ლოგიკურია, რომ სკანდინავიელთა ორივე გოლი პირველ ტაიმში სტანდარტს მოჰყვა. მე-13 წუთზე კრისტიან ერიკსენი კუთხურის შემდეგ ქართველი მცველები მეორე სართულზე მეტოქეებს ვერ გაუმკლავდნენ, შედეგად კასპერ დოლბერგმა ოთარ კაკაბაძეს დაასწრო და გიორგი ლორია უძლური იყო. დანიელები აგრძელბდნენ ბურთის კონტროლს და თამაშიც ჩვენს ნახევარზე მიდიოდა. თუმცა, მასპინძლების შეტევები განსაკუთრებულ ხიფათს არ წარმოადგენდა. 25-ე წუთზე საქართველოსნაკრებმა ის შანსი მიიღო, რომელზეც მატჩისწინა დღეს მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც ისაუბრეს. კონტრშეტევა, რომელიც ვაკო გვილიამ დიდებულად წარმართა და მეკარესთან პირისპირ საბა ლობჟანიძე დატოვა, რომელმაც კასპერ შმეიხელს აჯობა და ანგარიშიც გათანაბრდა. ბრწყნვალე ეპიზოდი იყო, წუნს ნამდილად ვერ მოუძებნიდით.
მაგრამ, ჩვენი სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ოთხ წუთში, ჯაბა კანკავამ საჯარიმოში სიმონ კიაერი წააქცია (ისევ სტანდარტული სიტუაციისას!) და ავსტრიელმა არბიტრამ ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა... კრისტიან ერიკსენმა კი ზუსტად დაარტყა. ლორია ბურთს შეეხო და ახლოს იყო გმირობასთან, მაგრამ არ გაუმართლა და დანია კვლავ წინ გავიდა.
სხვათა შორის, პირველ ტაიმში ორივე გუნდმა კარის ჩარჩოში სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გავიდა. მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ოდნავ წინ აიწია და ბურთის მეტოქის ნახევარზე გაკონტროლება სცადა. თუმცა, პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, დოლბერგმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ალბათ, მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ სახიფათო მომენტი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მიუხედავად ამისა, კუთხურები და სახიფათო ჯარიმები ჩვენს კართან მრავლად ინიშნებოდა...
63-ე წუთზე დოლბერგმა დუბლი შეასრულა. დანიელებმა კვლავ მეორე სართულზე ივარგეს და გაიტანეს. საკამათო ეპიზოდი იყო, გიორგი ლორიაზე თითქოს თამაშის წესი დაირღვა მისსავე საჯარიმოში, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია. ზუსტად 10 წუთში კი ანგარიშის სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა, ამჯერად იუსუფ პოულსენმა აიღო საქართველოს კარი, რომელმაც ლორიას მოგერიებულს დაამატა. მერე დანიელებს კიდევ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრებმა თამაში 63-ე წუთზე დაასრულა, რადგან დანია მოედანზე იმას აკეთებდა,რასაც მოისურვებდა და კიდევ არაერთხელ იყო გოლთან ახლოს. ხან არაზუსტად დაარტყეს, ხან ძელმა გვხისნა და ხანაც ლორიამ... მესამე კომპენსირებულ წუთზე სკანდინავიელებმა წადილი მაინც აიხდინეს - მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა მარტინ ბრაითვაითის ზუსტი დარტყმით დასრულდა. დასრულდა თამაშიც - 5:1. ანგარიში, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. თავი იჩინა ფიზიკურმა მოუმზადებლობამაც, უკვე ვახსენეთ და საქართველოს ნაკრები მე-60 წუთის შემდეგ პრაქტიკულად მოედანზე არ ყოფილა...
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 4 მატჩის შემდეგ ისევ სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, თბილისში, სწორედ დანიის ნაკრებთან ჩაატარებს.
დანია - საქართველო (2:1)
კოპენჰაგენი, „თელია პარკენი“
დანია (4-3-1-2): შმეიხელი; ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სტრაიგერი; ჰოიბერგი, ერიკსენი, დელანი; სკოვი (ვასი 62); დოლბერგი, პოულსენი (ბრაითვაითი 75)
მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე
საქართველო (4-5-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79); ლონჟანიძე, კანკავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კიტეიშვილი (ლობჯანიძე 76); გვილია
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლები: 1:0 დოლბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73)
გაფრთხილება: კანკავა (29), კვეკვესკირი (51), გვილია (54), პაპუნაშვილი (64)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 4 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: რობერტ შორგენჰოფერი (ავსტრია)
გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან