ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ფინალური წყვილი ცნობილია: პორტუგალია - ჰოლანდია. ლუზიტანელებმა გუშინ გაიფორმეს გადამწყვეტი მატჩის საგზური, დღეს კი გიმარაეშში ჰოლანდიამ ინგლისს აჯობა და უეფას ახალ ტურნირზე ტრიუმფისთვის ემზადება.
მატჩი კი დრამატული გამოდგა და ერთა ლიგის ისტორიაში პირველი თამაში გამოდგა, რომელიც 90 წუთზე დიდხანს გაგრძელდა. 32-ე წუთზე მატის დე ლიხტი შეცდა, მარკუს რაშოფრდი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევრის დასაწყისში ჯეიდონ სანჩოს დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ გაანიავა და ამის შემდეგ ჰოლანდიამ თამაშის სადავეები ხელთ იგდო. 73-ე წუთზე დე ლიხტმა შეცდომა სრულად გამოისყიდა და მემფის დეპაის კუთხურის შემდეგ მეორე სართულიდან ბრწყინვალედ დაარტყა - 1:1.
ძირითად დროში მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ისე, ჯესი ლინგარდმა გაიტანა კიდეც, მაგრამ ვიდეორეფერის მეშვეობით გოლი გაუქმდა - თამაშგარე მდგომარეობის გამო.
დამატებით დროში კი ფეხბურთს მხოლოდ ჰოლანდია თამაშობდა და დამსახურებულად მოიგო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ინგლისელებიც დაემხარნენ მეტოქეს და ორივე გოლი შეიძლება ითქვას აჩუქეს. დაცვაში საშინელ გარჯას ჯერ კაილი უოლკერის ავტოგოლი მოჰყვა, ხოლო წერტილი შეხვედრას ქვინსი პრომესმა დაუსვა.
შედეგად, მესამე ადგილისთვის გიმარაეშში ინგლისი შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო ერთა ლიგის პირველი ტრიუმფატორი პორტუში, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩში გაირკვევა. ორივე შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება.
ჰოლანდია - ინგლისი 3:1 დ.დ (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 რაშფორდი (32, პენ), 1:1 დელიხტი (73), 2:1 უოლკერი (97, ა.გ), 3:1 პრომესი (114)