ფეხბურთი

13:45 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "გვინდა, ლაღი, შემტევი, სასიამოვნო ფეხბურთი ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან მატჩისწინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში კარგი განწყობაა და ბოლო ორი ცუდი თამაშის შემდეგ ძალიან დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ.

„ყველასთვის სასიამოვნო იყო ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რადგან ხალხს იმედი დავუბრუნეთ, პოზიტივი გაჩნდა, რაც ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი ნაკრები არაა, მთელი ქვეყნისაა. ფეხბურთელების განწყობას რაც შეეხება, ჩვენ პირველ რიგში ვითავისებთ პასუხისმგებლობას და ვიცით, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ნებისმიერ თამაშში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ეს ეროვნული ნაკრებია, ამიტომ შეუძლებელია რომელიმე თამაში უმოტივაციო იყოს.

გათავისებული გვაქვს, რომ ერთა ლიგაზეც სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. კარგად გვესმის, რომ რთული იქნება, რადგან როგორც ჩვენ, ისე ნახევარფინალში მყოფ სამ ნაკრებს უნიკალური შანსი აქვს და ამიტომ, ადვილი თამაში არ იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს გააჩნია კარგი შანსი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით ითამაშოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს.

ტრავმის მერე ვითამაშე და ფიზიკურად მზად ვარ. გუნდის კლიმატს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო კვარაცხელია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ტალანტები მოდიან და ერთ-ერთი სამაგლითოა ჩაკვეტაძესთან ერთად, რადგან პირველ რიგში პროფესიონალები არიან და შემდეგ უკვე ფეხბურთელები. თამაშს რაც შეეხება, გვინდა, რომ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილოთ და ყველა ძალიან ბევრს ვშრომობთ. გვსურს, უფრო შემტევი, ლაღი საქართველოს ნაკრები ვნახოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებთა მატჩი ხვალ „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე გაიმართება.

0.123938