საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. მოახლოებული შეხვედრების წინ ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორი განსხვავებული მეტოქეა მათ წინაშე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.
კიტეიშვილის თქმით, გიბრალტართან სრული კონცენტრაციით ყოფნა იქნება საჭირო, ხოლო დანიასთან გულშემატკივარს ბრძოლას ჰპირდება.
„გასული სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით სეზონის დასკვნითი ნაწილი. გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს სახლში ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მითუმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ.
რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ და თითქმის ყველა შეკრებაზე ორი ან სამი ფეხბურთელი გვაკლდება. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, რომ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი კიტეიშვილის სიტყვებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 7 ივნისს, თბილისში დაუხვდება, სამი დღის თავზე კი, კოპენჰაგენში დანიას ეწვევა.