აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაროკოს „ვიდადმა“ თამაში VAR-ის გაუმართაობის გამო შეწყვიტა და ჩემპიონად მისი მეტოქე „ესპერანსი“ გამოცხადდა.
აფრიკაში ფინალი ორი მატჩისგან ტარდება. პირველი დაპირისპირება მაროკოში ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა ტუნისური „ესპერანსი“ შინ 1:0 იგებდა, როდესაც 59-ე წუთზე სტუმარმა ვალიდ ელ-კარტიმ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მაროკოელი შემტევი თამაშგარე მდგომარეობაშ არ იმყოფებოდა და გოლი უსამართლოდ გაუქმდა. შესაბამისად, საქმეში ვიდეორეფერი უნდა ჩართულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ VAR-ის სისტემა არ მუშაობდა - ეპიზოდიც ვერ გადამოწმდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტი აჰმედ აჰმედი მოედანზე შევიდა და პირადად სცადა სიტუაციის დარეგულირება, „ვიდადის“ ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს და 62-ე წუთზე მოედანი დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ „ვიდადს“ ერთი გოლი უსამართლოდ პირველ მატჩშიც გააუქმეს, თუმცა, მაშინ VAR-ის სისტემა გამართულად მუშაობდა. როგორც ჩანს, მაროკოელთა გადაწყვეტილება ორივე გაუქმებული გოლიდან მომდინარეობდა.
საბოლოოდ, იმ დროისთვის დაფიქსირებული შედეგი ძალაში დარჩა და „ესპერანსმა“ ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოიგო აფრიკის ჩემპიონთა ლიგა.