ფეხბურთი

15:30 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა. Marca-ს ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე დღეს, ავტოსაგზაო კატასტროფის შედეგად დასრულდა. ხოსე ანტონიო რეიესის ავტოკატასტროფის კადრები (VIDEO)

აღნიშნული ცნობა დაადასტურა საფეხბურთო კლუბ „სევილიას“ ვებგვერდმაც, სადაც რეიესს კარიერის გამორჩეული წლები აქვს გატარებული:

„უარეს სიახლეს ვერ შევიტყობდით. ჩვენი გუნდის საყვარელი წევრი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მშვიდად განისვენე“, - წერს ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი.

„დღეს ძალიან სამწუხარო დღეა. ჩვენი ყოფილი მოთამაშე ხოსე ანტონიო რეიესი გარდაიცვალა. გვინდა ღრმა მწუხარება გამოვხატოთ და თანაგრძნობა გამოვიცხადოთ მის ოჯახს“, - წერს „ესპანიოლის“ ტვიტერის გვერდი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე სევილია-უტრერას გზაზე მოხდა, რეიესის მშობლიურ ქალაქში. რეიესთან ერთად მანქანაში მისი ბიძაშვილები ჯონათან რეიესი და მანუელ კალდერონი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, მანქანა გზიდან გადავიდა, რის შემდგომაც ცეცხლი გაუჩნდა.

ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიას“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. შემდეგ ითამაშა „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ბენფიკას“ რიგებში, ხოლო 2012-2016 წლებში ისევ „სევილიას“ დაუბრუნდა.

ამის შემდეგ რეიესმა კარიერა „ესპანიოლში“, „კორდობასა“ და „ტიანშინში“ გააგრძელა, ხოლო მისი ბოლო საფეხბურთო გუნდი „ექსტრემადურა“ გამოდგა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ცნობისთვის, რეიესს თბილისშიც უთამაშია და გოლიც გაუტანა - 2015 წელს ევროპის სუპერთასზე "სევილია" - "ბარსელონას" მატჩში...

ესპანელი საკმაოდ ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო - ხუთჯერ მოიგო ევროპა ლიგა (სამჯერ „სევილიას“, ორჯერ „ატლეტიკოს“ რიგებში), თითოჯერ ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, პორტუგალიის თასი და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი.

0.120055