"მანჩესტერ სიტი" მიმდინარე წლის ზაფხულში ილქაი გიუნდოგანს კლუბის დატოვების საშუალებას არ მისცემს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისური კლუბი მზადაა ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვამდე შეინარჩუნოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.
გიუნდოგანს კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება და ამავე წლის იანვრიდან უფლება აქვს მსურველ კლუბებთან მოლაპარაკება კანონიერად აწარმოოს და "სიტი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ფეხბურთელსა და მანჩესტერულ კლუბს შორის მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა გერმანელმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ილქაის აწ უკვე გასულ სეზონში პეპ გვარდიოლა თავიდან ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა, თუმცა ბოლოს ფეხბურთელი დატვირთა და პრემიერლიგის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში გუნდოგანმა 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა. ჯამში 2018/19 წლების სეზონში გერმანელმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.