ფეხბურთი

18:55 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" თუ ჩინეთი? სერხიო რამოსმა არჩევანი გააკეთა

სერხიო რამოსმა გადაწყვეტილება შეცვალა და მადრიდის „რეალში“ დარჩენა კარიერის ბოლომდე გადაწყვიტა. აქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელს „სამეფო კლუბის“ დატოვება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით და ჩინეთში გადაბარგება სურდა, საიდანაც მიმზიდველი წინადადება მიიღო.

თუმცა, ფლორენტინო პერესმა რამოსს მკაფიოდ მიანიშნა, რომ კაპიტნისთვის კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდიდან გაშვება, სამომავლოდ კლუბის რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნიდა.

ახლა კი, Jugones-ის ცნობით, პერესი და რამოსი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს - სერხიო რჩება! აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს რამოსის პრესკონფერენცია დაიგეგმება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

„მინდა თამაშის აქ გაგრძელება და „რეალში“ კარიერის დასრულება. პრეზიდენტთან ამ საკითხებზე საუბარი სასიამოვნო იყო“, - ციტირებს ესპანელი მცველის სიტყვებს LaSexta.

სერხიო რამოსს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „სამეფო კლუბის“ ღირსებას კი 2005 წლის ზაფხულიდან იცავს, როდესაც „ბლანკოსს“ „სევილიადან“ შეუერთდა.

0.115758