სხვა

19:50 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკის ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე თვალწარმტაც სანახაობას ელიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გახსნის საზეიმო ცერემონიის რამდენიმე დეტალი გაახმაურა. მაყურებლებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიები. მობილურზე ან პლანშეტზე სპეციალური ჩამოსატვირთი დანართის წყალობით ევროპული თამაშების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად შეეხონ ბელარუსის ბუნებას, ნახონ ადგილობრივი ფლორა, შეიგრძნონ ფრინველთა თუ ცხოველთა სიახლოვე.

22 ათასი მაყურებელი უნიკალურ წარმოდგენას 21 ივნისს „დინამოს“ სტადიონზე იხილავს. გულშემატკივარს უამბობენ თამაშების მასპინძელი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციას, გააცნობენ გამოჩენილ ადამიანებს. მეორე ევროპული თამაშების ფონდის კულტურული პროგრამის ხელმძღვანელის, სერგეი ხომიჩის განმარტებით, სტადიონზე მოსულთ უშუალოდ შეეძლებათ დადგმაში მონაწილეობა. თითოეულ მაყურებელს სუვენირის სახით დახვდება მანათობელი სამაჯური, საჩუქრების ნაკრები და ზურგჩანთა.
აღსანიშნავია, რომ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშებისას მინსკმა რამდენიმე საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა. აქედან გამომდინარე, მინსკის „დინამოს“ სტადიონის ფიალაში სიმბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი. ამასთან, ისევე როგორც ეს 40 წლის წინათ იყო, ცეცხლს დაანთებს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ მედვედი.
საზეიმო ცერემონიების გარდა, ბელარუსის უმთავრესი სტადიონი უმასპინძლებს მძლეოსანთა ასპარეზობებს.

www.geonoc.org.ge

0.134872