ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული მაისის სუპერტურნირი იგივე ნაცუ ბაშო საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ქართველი ქომაგისთვის უმთავრესი ის ფაქტი იყო, რომ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება დაიბრუნა, თუმცა, ყველაფერზე თანმიმდევრულად ვთქვათ.
პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 2019 წლის 1 მაისს დაწყებული რეივას ეპოქის პირველი “იმპერატორის თასის” მფლობელი ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის რიგითი მაეგაშირა გახდა.
დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ ნაცუ ბაშოზე 12 გამარჯვება იზეიმა, რაც სრული ტრიუმფისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ტაკასაგოს სკოლის 25 წლის აღზრდილმა იმპერატორისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის თასებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სპეციალურად დაწესებული 30-კილოგრამიანი თასიც აღმართა.
საინტერესოა, რომ სინძო აბემა და დონალდ ტრამპმა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა პირადად მიიღეს, რამაც პროცედურას საგანგებო ელფერი შესძინა.
თასების გარდა, ასანოიამას 2 სპეციალური პრიზიც ერგო: შუკუნშო (ჯილდო იოკოძუნებისა და ოძეკების დამარცხებისთვის) და კანტოშო (ჯილდო მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის).
ჰიროკი ისიბასი ბავშვობაში სუმოსთან ერთად ხელბურთით იყო გატაცებული (მეკარე გახლდათ), რიკიშის კარიერა კი მხოლოდ 22 წლის ასაკში, კინკის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო.
იაპონელ სპორტსმენს პროფესიულ სუმოში დებიუტი რიგით მე-4 დივიზიონში (სანდანმე) ჰქონდა, 10 თვის შემდეგ, 2017 წლის იანვარში კი, ტოიამას პრეფექტურის მკვიდრმა მე-3 ლიგაში მაკუშიტაში ჩემპიონობა იზეიმა, სკეიტორის ელიტური წოდება მიიღო და ასანოიმას შიკონაც ერგო.
ელიტარულ დივიზიონში 42 სუმოისტი ირიცხება და მე-8 მაეგაშირა, რეიტინგიდან გამომდინარე, იოკოძუნებს, ოძეკებს, სკეივაკეებსა და კომუსუბებს არ ერკინება.
მსაჯთა კომიტეტმა საერთო სქემაში ცვლილებები მაინც შეიტანა და მოულოდნელ ლიდერს შეჯიბრების მე-13 და მე-14 დღეებში სეკივაკე ტოჩინოშინი და ოძეკი გოეიდო დაუყენა, თუმცა, ასანოიამას იოკოძუნასთან გაჯიბრება მაინც არ მოუწია.
71-ე რიგით დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ ტურნირის მოგების შანსი მას შემდეგ დაკარგა, რაც მე-4 მარცხი განიცადა. საინტერესოა, რომ მაისის სუპერტურნირის დასკვნითი დღის (სენსურაკუ) გრაფიკი სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შედგა და მასში ცვლილებები ბოლო წამს იქნა შეტანილი.
საინტერესოა, რომ კაკურიუს იუშოს (ბაშოს მოგება) შანსი ქართველმა გოლიათმა ტოჩინოშინმა წაართვა. მან ოძეკის წოდების დაბრუნებისთვის აუცილებელი მე-10 გამარჯვება სწორედ იოკოძუნასთან მიითვალა.
69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო საზაფხულო შეჯიბრზე მარჯვენა მხრის კუნთის ტრავმის გამო ვერ წარსდგა, რომელიც მარტში ჰეისეის ეპოქის ბოლო ორთაბრძოლაში მიიღო.
ცუდად წაუვიდა საქმეები ტაკაკეიშოს, რომელმაც კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ვერ დააფიქსირა და კადობანში მოხვდა. 22 წლის სუმოისტი ოძეკობიდან სეკივაკეობამდე დაქვეითდება, თუკი ივლისში ნაგოიაში დაგეგმილ ბაშოზე მინიმუმ 8 ორთაბრძოლას ვერ მოიგებს.
ოძეკებმა გოეიდომა და ტაკაიასუმ ტოკიოში 15-დან 9-9 შეხვედრა მოიგეს და ამით, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს.
სანიაკუდან (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ჰირამაკუში ქვეითდებიან სეკივაკე იჩინოჯო და კომუსუბი აოიამა.
პირველმა 6 შერკინება წააგო, 4 ტური კი მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო აოიამამ დოჰიო დამარცხებულმა 9 ორთაბრძოლის მერე დატოვა.
სეკივაკეს ტიტულს მიიღებენ მიტაკეუმი და ტამავაში, აბი და ასანოიამა ან რიუდენი კი კომუსუბობამდე აღზევდებიან. აბიმა და მაკუუჩიში დიდებული დებიუტის (10 მოგება, 5 მარცხი) მქონე შიმანოუმიმ სპეციალური პრიზი კანტო-შო დაიმსახურეს.
კიდევ ერთი ჯილდო – გინოშო (პრიზი ტექნიკური სრულყოფილებისთვის) რიუდენმა ჩაიბარა, რომელმაც 15-დან ასევე 10 შეხვედრა მოიგო.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაქვეითდნენ ტოკუშორიო, იშიურა და ჩიოშიომა, ელიტაში ასპარეზობის უფლება კი ტაკაგენჯიმ, ტოიონოშიმამა და კოტიუკიმ მიიღეს.
22 წლის ტყუპებმა – ტაკაგენჯიმა და ტაკანოფუჯიმ ჩემპიონის ტიტულები, შესაბამისად, ჯურიოსა და მაკუშიტაში მოიპოვეს.
ქართველმა გოლიათმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ 9 მოგება მიითვალა და ჯურიოს რეიტინგის ზედა ნაწილში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტოკიოში აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ამდენად, მომავალ შეჯიბრზე უკვე მაკუუჩისთვის ბრძოლის შანსი ექნება.
იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) 24 ივნისს გამოაქვეყნებს, მომდევნო სუპერტურნირი – ნაგოია ბაშო კი 7-21 ივლისს ჩატარდება.