ფეხბურთი

14:25 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" გაახილე თვალები, ეს სიზმარი არაა, ეს რეალობაა!

ბერგამოს „ატალანტა“ - ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს და საერთოდაც, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დებიუტი ექნება. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ის კარი შეაღო, რომელზეც ოცნებაც კი ახლო წარსულში უტოპიას ჰგავდა.

თუმცა, ახლა ეს რეალობაა და ბერგამოელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ხსენებული წარმატების შემდეგ ავტორიტეტული გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ასეთი სათაურით გამოეხმაურა: „ატალანტა“, გაახილე თვალები, შენ მესამე ხარ და ჩემპიონთა ლიგაზე გახვედი!“

დიახ, თითქოს დაუჯერებელი ამბავია, თითქოს ამას ლომბარდიელები ყველაზე იდეალური სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ. რა გასაკვირია, გუნდი, რომელიც საუკუნეზე მეტ ისტორიას ითვლის, ერთადერთი ტიტულით იწონებს თავს - 1963 წელს მოგებული იტალიის თასით. სხვათა შორის, წელსვე გასპერინის ბიჭები ძალიან ახლოს იყვნენ ტიტულთან, იტალიის თასის ფინალში დამარცხდნენ, სადაც გზად ტურინის „იუვენტუსი“ ჩამოიშორეს (3:0). აი, ფინალი კი, რომში, „ლაციოსთან“ ბოლო წუთებში გაშვებული გოლებით წააგეს - 0:2.

თუმცა, ეგ არაფერი, თავის დროზე, როდესაც თასის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის არჩევანზე გასპერინის ჟურნალისტები დაეკითხნენ, იტალიელმა სპეციალისტმა არც შამფური დაწვა და არც მწვადი, ორივე გვინდაო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზური გამოარჩია და ამ მიზანს გუნდმა მიაღწია.

საერთოდ, „ატალანტას“ აღმასვლა სწორედ ჯამპიერო გასპერინის სახელს უკავშირდება. ბერგამოელების ყველაზე დიდი მიღწევა აქამდე ქვედა ლიგიდან ზედაში და პირიქით მოგზაურობა იყო. „ლა დეა“ იმითაც კმაყოფილდებოდა, როგორმე ელიტაში ადგილი შეენარჩუნებინა, მაგრამ 2016 წლის ივნისში გასპერინი მიიწვიეს და ყველაფერი შეიცვალა.

ჯამპიერომ გუნდის სათამაშო ფილოსოფია ძირფესვიანად შეცვალა და მოკრძალებული, მეტიც მორცხვი გუნდის ფეხბურთი, კარგი გაგებით თავხედ და მოურიდებელ გუნდად აქცია, რომელიც არც ავტორიტეტს ერიდება და არც არაფერი აშინებს, როდესაც მოედანზე გადის. საერთოდ, „ატალანტას“ სათამაშო სტილი განსხვავებულია წმინდა იტალიური ფეხბურთისგან. გუნდის მთავარი მიზანი შეტევაა და შემთხვევითი არაა, რომ სერია A-ს აწ დასრულებულ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (77). გასპერინის ხელში ფეხბურთელებიც ადვილად იხსნებიან. მაგალითად, ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა დუვან ძაპატამ, რომელმაც 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ოდენ ფაბიო კვალიარელას ჩამორჩა. ძაპატა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „ატალანტამდე“ მაინც და მაინც დიდი კვალი არსად დაუტოვებია. იქამდე, „ნაპოლიში“, „უდინეზესა“ და „სამპდორიაში“ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო. უნდა გამოვყოთ გუნდის კაპიტანი პაპუ გომესი - არგენტინელი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მოკრძალებულ „კატანიაში“ ჰქონდა გატარებული და მისგან აფეთქებას არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტია, გომესი „ატალანტას“ სული და გულია. სხვა ფეხბურთელები? მარიო პაშალიჩმა თავი ვერც „ჩელსიში“ დაიმკვიდრა, ვერც „მილანში“ და ვერც „სპარტაკში“, მაგრამ „ატალანტას“ მაისურით გარდაიქმნა და ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. იოსიპ ილიჩიჩი ყოველთვის კარგი ფეხბურთელი იყო, ჯერ კიდევ „პალერმოსა“ და „ფიორენტინაში“ გამოირჩეოდა, მაგრამ 2018-2019 წლების სეზონი სლოვენიელის კარიერაში მაინც საუკეთესო გამოდგა. უნდა ვახსენოთ ჰანს ჰატებური, რემო ფროილერი, ტიმოთი კასტანე, რობინ გოსენსი, მარტენ დე რუნი - გვარები, რომლებიც აქამე მართლაც არაფერს გვეუბნებოდა, ახლა კი ყველა მათგანის მიმართ გაცილებით მაღალი ეშელონის გუნდები სერიოზულ ინტერესს იჩენენ.

„ატალანტას“ წარმატების საძირკველი დაცვის ხაზი იყო. გასპერინი მუდმივად სამი ცენტრალური მცველით ათამაშაბდე გუნდს და რაფაელ ტოლოის, ხოსე ლუის პალომინოს, ჯანლუკა მანჩინის, ბერატ ჯიმსიტისა და ვეტერანი ანდრეა მაზიელოს გარჯაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. საინტერესოა ერთი დეტალი: ბერგამოელთა ცენტრალური მცველების შედეგიანობა. მაგალითად, მანჩინიმ 21 თამაშში 5 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის დიდებული მაჩვენებელია. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, არამედ გათვლილი შედეგი გახლდათ. მაგალითად, წინა ორ სეზონში მანჩინის წინამორბედმა მატია კალდარამ 10 გოლის გატანა შეძლო და 2016-2017 წლების სეზონში მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა...

ერთი საინტერესო დეტალიც: მატია კალდარა, ანდრეა კონტი, ფრანკ კესი, რობერტო გალიარდინი, ბრაიან კრისტანტე, ლეონარდო სპინაცოლა „ატალანტაში“ ბრწყინავდნენ და მერე კარიერა იტალიური ფეხბურთის მეტრებში („იუვენტუსი“, „ინტერი“, რომა“, „მილანი“) გააგრძელეს, მაგრამ ჯერჯერობით იმის ნახევარიც არ უჩვენებიათ, რასაც გასპერინის ხელმძღვანელობით აკეთებდნენ. ამ ჩამონათვალს დავიდე ძაპაკოსტაც უნდა დავუმატოთ, რომელიც „ჩელსიში“ იმის აჩრდილია, რასაც ბერგამოში აჩვენებდა. თვითონ გასპერინიც „ატალანტამდე“ არაფრით გამოირჩეოდა. მისი საუკეთესო მიღწევა „ჯენოას“ სერია B-დან სერია A-ში აღზევება იყო. ცოტა ხანი „ინტერსაც“ ედგა სათავეში, მაგრამ წარუმატებლად, თუმცა 61 წლის სპეციალისტმა საუკეთესო თვისებები ბერგამოში გამოავლინა.

სხვათა შორის, მისი „ატალანტაში“ დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი სულაც არაა. პრეზიდენტი ანტონიო პერკასი კი ამბობს, რომ რჩება, მაგრამ თავად ჯამპიერომ წარმატების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს უნდა დაელაპარაკოს. ფანები კი უკვე ითხოვენ მის დარჩენას, რაც რა თქმა უნდა, ლოგიკურია. ისე კი, იტალიური მედია გასპერინის „რომას“ აქტიურად უკავშირებს. ვნახოთ, დატოვებს თუ არა „ნერაძურის“ იტალიელი სპეციალისტი უდიდესი წარმატების შემდეგ.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ატალანტა“ ამ შედეგისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. გასპერინის პირველივე სეზონი წარმატებული გამოდგა და ბერგამოელები სერია A-ში 72 ქულით მოთხე ადგილზე გავიდნენ! სხვათა შორის, ეს სამი ქულით მეტია, ვიდრე ახლა მოიპოვეს, მაგრამ მაშინ ბედის მუხთლობით ეს მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. იმასაც დავძენთ, რომ მაშინ იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ საუკეთესო სამი გუნდი გადიოდა, თორემ „ატალანტას“ ლიგური დებიუტი ორი წლით ადრე შედგებოდა. აი, 2017-2018 წლების სეზონში 60 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა, მაგრამ ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეორედ მოახერხა გასვლა.

ევროპა ლიგაზე გასპერინის გუნდმა 2016-2017 წლების სეზონში შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა. ჯგუფში იტალიელთა მეტოქეები გაცილებით გამოცდილი „ლიონი“ და „ევერტონი“ იყო, ამასთან ლიმასოლის „აპოლონიც“. თუმცა, 6 თამაშში მოპოვებული 14 ქულით (4 მოგება, 2 ფრე) პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა. მაგალითისთვის, „ევერტონს“ შინ 3:0 აჯობა, სტუმრად 5:1... „ლიონთანაც“ დადებითი ბალანსი დააფიქსირა (1:0, 1:1) და „აპოლონთანაც“ (3:1, 1:1). ჯერი 1/16 ფინალზე მიდგა, სადაც მეტოქე დორტმუნდის „ბორუსია“ იყო. მიუხედავად გამოცდილებისა, სიძლიერისა, სახელისა, „ატალანტა“ ძალიან ახლოს იყო გერმანული ბარიერის დაძლევასთან. პირველი თამაში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ბერგამოელებმა 2:3 წააგეს, თუმცა 65-ე წუთამდე (2:1) იგებდნენ, ხოლო მესამე გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს. საპასუხო თამაშშიც „ატალანტა“ „დორტმუნდს“ აღემატებოდა, მაგრამ არ გაუმართლა. რაფაელ ტოლოიმ მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში და მერვედფინალის საზგური ძალიან ახლოს იყო... თუმცა, 83-ე წუთზე მარსელ შმელცერის გოლმა შემდეგ ეტაპზე „დორტმუნდი“ გაიყვანა - 1:1 (ორი მატჩის ჯამში 3:4).

როგორც „დორტმუნდს“ არ ჩამოუვარდა „ატალანტა“ არაფერში სათამაშო ხარისხის თვლასაზრისით, იგივე ითქმის კოპენჰაგენზეც“, რომელსაც 2018-2019 წლების სეზონის ევროპა ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდა. მანამდე, საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლა დეამ“ ბოსნიური „სარაევო“ (2:2, 8:0) და ჰაიფას „ჰაპოელი“ (4:1, 2:0) გაანადგურა. ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელ დუელში კი დანიის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდა. ორი თამაში ისე დასრულდა, რომ ერთი გოლიც არ გასულა (0:0, 0:0), პენალტების სერიაში კი სკანდინავიელებს უფრო მეტად გაუმართლათ 4:3. საერთოდ, „ატალანტას“ ამ შეხვედრებში იღბალმა ზურგი აქცია, რადგან ორივე თამაშში მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და აურაცხელი რაოდენობის საგოლე მომენტები ქარს გაატანა, მაშინ, როდესაც „კოპენჰაგენს“ შანსი თითქმის არ მისცემია. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ, გასპერინიმ თქვა, ეს ზღაპარი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით დასრულდა, სწორედ „კოპენჰაგენთან“ მტკივნეული და დაუმსახურებელი მარცხით დაიწყო.

და ბოლოს, „ატალანტას“ აკადემია იტალიაში გამორჩეულია. ახლაც, ასაკობრივი ნაკრებების მთავარი ინდიკატორი სწორედ ბერგამოელები არიან და ასე იყო ადრეც. იტალიური ფეხბურთის არაერთი ცნობილი სახე სწორედ ლომბარდიელთა აკადემიიდან განვითარდა - გაეტანო შირეა, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი, ალესიო ტაკინარდი, სიმონე ძაძა, რიკარდო მონტოლივო, ჯამპაოლო პაცინი, დომენიკო მორფეო, ივან პელიცოლი, მანოლო გაბიადინი, დავიდე ძაპაკოსტა და სხვანი...

მანამდე კი, „ატალანტა“ გაახილე თვალები, ზღაპარი გრძელდება!

თეგებიატალანტა
0.124417