ფეხბურთი

2:30 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსი "რომადან" გააცილეს (+VIDEO)

დანიელე დე როსი „რომას“ დაემშვიდობა. სერია A-ს 38-ე ტურის მატჩი „პარმას“ წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელისთვის მშობლიური გუნდის რიგებში უკანასკნელი გამოდგა.

დე როსის თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები დაემშვიდობნენ. საინტერესოა, რომ „სტადიო ოლიმპიკო“ სწორედ ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად პირთამდე გაივსო, რაც 2018-2019 წლების სეზონში პრაქტიკულად არ ხდებოდა.

დე როსი „რომას“ ღირსებას 18 წელი იცავდა. მისი დებიუტი 2000-2001 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ შედგა. მას შემდეგ დანიელე „ჯალოროსის“ ერთგულად ემსახურა და ფრანჩესკო ტოტის შემდეგ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ადგილობრივი პუბლიკის საყვარელ ფეხბურთელად იქცა.

ამ პერიოდში დე როსიმ „რომას“ რიგებში 615 მატჩი ჩაატარა და 63 გოლის გატანა შეძლო. მისი მთავარი მიღწევა და იტალიის ნაკრებს უკავშირდება, რომლის შემადგენლობაშიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

დე როსი კარიერის დასრულებას როგორც ჩანს, არ აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ გუნდს დაუკავშირებს მომავალს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაზე მეტად არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ აქტიურობს, სადაც დანიელეს ძველი ნაცნობი ნიკოლას ბურდისო იწვევს.

0.127635