საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს, რაც ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
აღნიშნულ ბორდში 23 წევრი (თითო ქვეყნიდან თითო) შედის და პირველად მოხდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ესოდენ მაღალ პოსტზე მოხვდა. ცხადია, ქართველიშვილის არჩევა ქართული კალათბურთის ინტერესების წინ წაწევისთვის ძალიან სასარგებლო ფაქტი უნდა იყოს.
ეს ამბავი დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში მოხდა, სადაც ფიბა-ევროპის გენერალური ასამბლეა შედგა და ორგანიზაციის პრეზიდენტად თურქი თურგაი დემირელი მე-2 ვადით აირჩიეს.
დემირელის კონკურენტები სერბეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დეიან ტომაშევიჩი და ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, ბელგიელი სირილ კუმანსი იყვნენ.
კენჭისყრის პირველ რაუნდში თურქმა 22 ხმა მიიღო, ბელგიელმა – 17, ხოლო სერბმა – 13. ამგვარად, ყველაფერი მე-2 ტურში გადაწყდა, სადაც დემირელმა კუმანსს მცირედით აჯობა – 27:23.
თურქი ჩინოვნიკის წარმატება კარგი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისთვისაც, რომელიც სწორედ თურგაის მხარდაჭერთა რიგებში მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე აქვს განაცხადი შეტანილი, დემირელის პოსტზე დარჩენა და ქართველიშვილის მმართველ საბჭოში შეყვანა კი ჩვენთვის სასარგებლო მომენტი უნდა იყოს.
ცნობისთვის, ფიბა-ევროპის პრეზიდენტი და ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი თურგაი დემირელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის ივნისში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთთან მატჩსაც დაესწრო.
მაშინ დემირელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად უმასპინძლა და იმ შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ხსენებული გიორგი ქართველიშვილიც დაესწრნენ.
აღნიშნული ვიზიტისას დემირელმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების მასპინძლობის თაობაზე საქართველოს შანსებზე ღიად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ფიბა-ს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას შესძლებდა.