ჩოგბურთი

16:00 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანა ტატიშვილი კორტს “როლან გაროსზე” უბრუნდება

საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც 2014 წლიდან აშშ-ს ღირსებას იცავს, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება და საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტატიშვილი ჩვენი ქვეყნის სახელით 2005-2014 წლებში ირჯებოდა, შემდეგ კი, ფინანსური პრობლემების გამო, შტატებს მიაშურა, თუმცა, ტრავმებმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.
ანამ ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში ითამაშა, როდესაც სამტერის 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, იქ კი ნორვეგიელ ულრიკე ეიკერისთან 5:7, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
მას შემდეგ, ტატიშვილმა მომჯობინება ახლაღა შესძლო და წარსული რეიტინგის წყალობით, “როლან გაროსზე” გარჯის პატივი ერგო, არადა, ამჟამად, კლასიფიკაციაში საერთოდ აღარ ფიგურირებს.
ანას კარიერის საუკეთესო პერიოდი 2012 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს სახელით ირჯებოდა და მსოფლიო რეიტინგში 50-ე პოზიციას უწია, იმავე წელს კი, წყვილებში 59-ე გახლდათ.
საფრანგეთის ღია პირველობის საწყის რაუნდში ანას მეტოქე ბოლო ხანს მოყოჩაღებული ბერძენი მარია საკარი იქნება, რომელიც პარიზულ კორტებზე 29-ე ნომრად არის განთესილი და ცხადია, აშკარა ფავორიტადაც მოიაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ ტატიშვილი ჩვენი ქვეყნის სახელს აღარ იცავს, ცხადია, მას წარმატებას ვუსურვებთ, რასაც ის უპირველეს ყოვლისა, ღირსეული მოქალაქეობრივი პოზიციის გამო იმსახურებს.
ვინც სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ ანა ყველგან როგორც ქართველი ისე პოზიციონირებს, ქვეყნის ინტერესების დაცვასა და პოპულარიზაციას ეწევა და განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის დაგმობის კუთხით აქტიურობს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ტატიშვილი ძველი ფორმის დაბრუნებას შესძლებს და იქნებ, მისი კვლავაც საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაც მოხერხდეს...

0.112497