ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმის "დინამო" სხვისდება. პროცედურულად, კლუბს ჯერ აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ, რომელიც თავის მხრივ გაასხვისებს 49 წლიანი იჯარით "დინამოს" კომპანია "lamin -G"-ზე.
ინტერნეტში არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "Lamin G" და მისი შვილობილი კომპანიები არჩილ ბერიძეს ეკუთვნის. კომპანია ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.
გასხვისების პირობები შემდეგია, კლუბის 100% წილის მართვის გადაცემის სანაცვლოდ, არჩილ ბერიძემ ყოველწლიურად 100 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ასევე, ვალდებულება ეკისრება უზრუნველყოს კლუბის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება /ბაზა, შესაბამისი პირობები/
სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.
ბათუმის "დინამოს" კერძო მფლობელებზე გადაცემის საკითხი აქტუალური 2017 წელს გახდა, მაშინ როდესაც კლუბი თამაშებს ზედიზედ აგებდა და ეროვნულ ლიგიდან გამოვარდა.
კლუბის ხელმძღვანელებმა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა და მერიის წარმომადგენლებმა მაშინ ღიად პირველად თქვეს, რომ კლუბი უნდა გასხვისდეს.
ჯერ კიდევ ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ ეს წინადადება მისაღებად მიიჩნია და თქვა, რომ მერია მზად არის 100% წილი გადასცეს დაინტერესებულ პირებს.
მალევე, ბათუმის "დინამოს" შესყიდვის მსურველები გამოჩნდნენ. მერიაში ორი პრეტენდენტმა გააკეთა განაცხადი. ერთ-ერთი მათგანი არჩილ ბერიძე იყო.
მიუხედავად გამოთქმული მზაობისა, ორი წლის განმავლობაში "დინამოს" გასხვისებაზე საუბარი ღიად შეწყდა. არჩილ ბერიძე კი, ამ პერიოდის გამავლობაში გუნდს სპონსორობას უწევდა.
წელს, მას შემდეგ, რაც ბათუმი "დინამო" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და ლიდერებს შორისაა, მისი გასხვისების შესახებ საკრებულოში საკითხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ დააყენა. მან თქვა, რომ "ან მივცეთ ამ ადამიანს [გულისხმობდა ბიზნესმენს არჩილ ბერიძეს] გუნდი, ან შევარჩიოთ უკეთესი, რადგან ამ დრომდე კლუბის გასხვისების საკითხი შეჩერებულია".
ის, რომ ბათუმის ''დინამო'' უნდა გაიყიდოს, ამაზე განცხადებები ბოლო თვის განმავლობაში გააქტიურდა. პრაქტიკულად ყველა მხარე - ქალაქის მერია, "დინამოს" ადმინისტრაცია და გულშემატკივრები აცხადებენ, რომ კლუბის კერძო ინვესტორზე გადაცემა აუცილებელი და სავალდებულოა.
1923 წელს დაარსებული კლუბი კერძო მფლობელის ხელში, სავარაუდოდ, დღეს გადავა.
www.ajaratv.ge