განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ სამბისტთა ნაკრებს და ფედერაციის წარმომადგენლებს სამინისტროში უმასპინძლეს.
16-20 მაისს, ესპანეთში, სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა და 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ მინდია ლილუაშვილი (68 კგ.), თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.) და ელენე ქებაძე (+80 კგ.). ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (80 კგ.) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ.) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57 კგ.) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ.) დაეუფლნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები მომავალ შეჯიბრებაზე – ევროპის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე მინსკში 13 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზებს.