ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა. ეს გახლდათ ზაზას აკადემიის მე-2 გუნდი, პირველმა კი ამავე ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “ზაზა 2”-მა ფინალური სერიის მე-4 მატჩში დამაჯერებელი სხვაობით – 95:74 (სტატისტიკა) დაამარცხა საკალათბურთო “აკადემია” და საჩემპონო სერიაში 3:1 იმარჯვა.
ფინალური სერია არ მივიდა მე-5 მატჩამდე, რადგან “ზაზა 2”-მა პირველი მატჩის დრამატულ ბრძოლაში – 83:84 წაგების შემდეგ სამი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ჩემპიონი გახდა. ტიტულის მომტან დღევანდელ მატჩში “ზაზას” კალათბურთელებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდათ, რომელიც 26:20 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან მაისურაძის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16-ქულიანი მარაგით გავიდნენ.
“აკადემიას” მწვრთნელმა თემურ კანკიამ რამდენჯერმე სცადა ვითარების განმოსწორება, წუთშესვენებებიც აიღო და კალათბურთელებს დავალებებიც მისცა, მაგრამ “ზაზა 2”-ის როგორც წინა, ისე უკანა ხაზი შეუჩერებელი იყო. მესამე მეოთხედში ზაზას აკადემიელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და კანკიას გუნდს მატჩის გადარჩენის არც ძალა დარჩა და არც რესურსი. საბოლოოდ “ზაზა 2”-მა 21-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა და ჩემპიონი გახდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ორივე გუნდის წევრებს შესაბამისი მედლები ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ გადასცეს. ტურნირზე დაწესებული იყო გამოჩენილი ქართველი კალათბურთელების – ილარიონ ხაზარაძისა და ანზორ ლეჟავას სახელობის თასი, რომელიც “ზაზა 2”-ის კაპიტანმა, ირაკლი კილაძემ.
დაბოლოს, საჩემპიონო თასი ირაკლი კილაძეს ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ გადასცეს.
www.gbf.ge