პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საფეხბურთო მატჩების შედეგების ან მსვლელობაზე მანიპულირების საქმეზე საკომიტეტო მოსმენას გეგმავს. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს გამოვლენილი დანაშაულისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ფაქტი ღრმა შესწავლს საჭიროებს.
„ამ ფაქტის გამოვლენა მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემები უფრო ღრმად არის განსახილველი. პარლამენტს, კომიტეტს უახლოეს მომავალში გვექნება საკომიტეტო მოსმენა ამ თემაზე, რომლის დროსაც, ის პირები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესებში, ჩავატარებთ მოკვლევას და უფრო დეტალურად გავიგებთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. საქართველომ 2014 წელს ევროსაბჭოსთან ხელი მოაწერა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან დაკავშირებით ბრძოლის კონვენციას და პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირება აუცილებელია. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უფრო დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად, რომ წინასწარ გამოავლინონ ეს დანაშაულები და პრევენციის მეტი საშუალება ჰქონდეთ", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, თამაშების დროს გარიგება მსოფლიოს სენია და სპორტში კორუფციის თვალსაზრისით, ადამიანის ცდუნება დიდია. ყაველაშვილის თქმით, სართალდამცავ ორგანოებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ პრევენციული ღონისძიებები გაატარონ. ამასთან, ყაველაშვილი ამბობს, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება და ასევე, მნიშვნელოვანია საკლუბო ფეხბურთის უფრო მეტად განვითარება.
"სახელმწიფო არც თუ ისე უმნიშვნელო სახსრებით აფინანსებს ქართულ ფეხბურთს და ამიტომაც მნიშვნელივანია, რომ აღნიშნული სახსრები ეფექტურად იყოს გამოყენებული. ეს ეფექტიანობა კი იმაში გამოიხატება, რომ საკლუბო ფეხბურთი, კლუბები იყოს განვითარებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ცდუნება ფეხბურთელების მხრიდან, რომ ასეთ გზებს დაადგნენ, "-აცხადებს ყაველაშვილი.
სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი. მათ ბრალს ოფიციალურად 21 მაისს წაუყენებენ.
www.ipn.ge