კალათბურთი

21:30 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“დელტამ” “მგზავრები” სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა

სუპერლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა “დელტამ” მესამე ნახევარფინალური მატჩიც მოუგო “მგზავრებს” და სერიაში მშრალად გაიმარჯვა. “დელტა” გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი ოფში წაგება არ განუცდია. გუნდმა, რომელიც 2 წლის წინ გადმოვიდა სუპერლიგაში, მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასი მოიგო, ხოლო სუპერლიგის პლეი ოფში 6-დან 6 მოგება აქვს და ფინალის საგზურიც გაინაღდა.

ლაფანაშვილის გუნდმა ისევე სწრაფად, შედეგიანად და რაც მთავარია, გუნდურად ჩაატარა დღევანდელი მატჩი, როგორც აქამდელი საპლეიოფო შეხვედრები. “დელტას” ყველა მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავიდა, ბოლომდე დაიხარჯა და იმ მონახაზის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რომელიც გუნდს აშკარად დამუშავებული ჰქონდა. დელტელები როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი შეხვდნენ საპლეიოფო სერიებს და შედეგიც სახეზეა: “ოლიმპს” მეოთხედფინალში 3:0 სძლიეს და იგივე ანგარიშით დღეს “მგზავრები” ჩამოიშორეს ფინალის გზიდან.

დღევანდელი მატჩი “დელტას” უპირატესობით როგორც დაიწყო, ისევე დასრულდა. პირველი პერიოდი ლაფანაშვილის გუნდმა 27:20 მოიგო, მეორეში 10-ქულიან ზღვარს ასცდა და თამაშის ბოლომდე, რამდენჯერმე, ისიც მესამე პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა “მგზავრებმა” ჩამორჩენა 8-9 ქულამდე შეამცირეს. მატჩის ბოლო 5 წუთს აზრი დაეკარგა, რადგან “დელტას” უპირატესობა 20 ქულას გადასცდა.

გამარჯვებულთაგან 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა (და 8 მოხსნა) ბექა ბექაურმა მოაგროვა. 16 ქულა დააგროვა არტიომ შვეცმა, 15 – საბა ლონჯანიძემ, ხოლო 14-14 ოთარ ფხაკაძისა და გეგი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა. “მგზავრებში” 21 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 20 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 13 – პრინს უილიამსმა მოაგროვა.

“დელტა” ფინალშია, როცა მეორე ნახევარფინალურ სერიაში, რომელშიც “ქუთაისი” “დინამოს” ხვდება, ანგარიში ჯერ მხოლოდ 1:1-ია. ამ გუნდების სერიის მე-3 მატჩი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

დელტა – მგზავრები
სტატისტიკა: 98:75

gbf.ge

0.120736