ამსტერდამში დღეს დიდი ზეიმი იყო. „აიაქსმა“ ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და გრანდიოზულად აღნიშნა. ჰოლანდიის დედაქალაქში სპეციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო.
ღონისძიებისას გულშემატკივრებს „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანმა მატის დე ლიხტმა მიმართა, რომელიც ზაფხულში გუნდს შეიცვლის. ჰოლანდიელი მცველის განცხადებით, მათ აჩვენეს ის ფეხბურთი, რისი ნახვაც ლეგენდარულ იოჰან კრუიფს სურდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველას ვუჩვენეთ რა არის „აიაქსი“, როგორი ტიპის ქალაქია ამსტერდამი, ვაჩვენეთ შემტევი ფეხბურთი. ვაჩვენეთ ყველაფერი ის, რაც დიდ ადამიანს (კრუიფს - რედ) უნდოდა ენახა და რასაც ელოდებოდა ჩვენგან. ყველამ ერთად გავაკეთეთ: გამოცდილმა ფეხბურთელებმა, ახალგაზრდებმა, ყველამ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს ამ ფანტასტიკური სეზონისთვის“, - თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ისტორიაში 34-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი (2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად) და ეს ჩემპიონობა აბდელჰაკ ნურის მიეძღვნა, რომელიც „აიაქსში“ 34-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, მაგრამ უკვე მეორე წელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.