19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ბითაძის “მეგა ბემაქსმა” შინაურ კედლებში “პარტიზანთან” 81:90 კი წააგო, თუმცა, ქართველმა ტალანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:19 წუთში 26 ქულა, 15 მოხსნა (3 შეტევაში) და 4 დაფარება მიითვალა. გოგამ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 17-დან 13 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, მასთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა.
“მეგა ბემაქსს” 4 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სერბეთის ჩემპიონატის B ჯგუფში სწორედ “პარტიზანის” კვალად, მე-2 ადგილი უკავია. გოგას გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 მაისს, სტუმრად, აუტსაიდერ “ნოვი პაზართან” ელის.