ესპანური “ბასკონიას” ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს და ის 72 საათის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ცხვირი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაიშავა. ქართველმა კალათბურთელმა მორიგი ტრავმა გასულ უქმეებზე “სან პაბლო ბურგოსთან” მიიღო.
თოკოს სახეში მეტოქის მოქნეული ხელი მოხვდა და ცხვირის მოტეხილობა დაუდგინდა, ოპერაცია კი ვიტორიულ ჰოსპიტალ “ქუირონ სალუდში” დოქტორმა რაფაელ გარსიამ გაუკეთა.
შენგელია საწვრთნელ პროცესს სამდღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა, მოედანზე დამცავი ნიღბით გავა. საერთოდაც, თორნიკესთვის მიმდინარე სეზონი დანავსულია, რადგანაც სამ თვემდე პერიოდი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ ლიგაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურიღა დაარჩენილი. “ბასკონია”, რომელსაც 25 მოგებითა და 7 მარცხით მე-2 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს 22 მაისს ბადალონას “ხუვენტუტთან” გამართავს.