„შეუძლებელი გადმოვცე რას ვგრძნობ, ეს ნამდვილად საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში“, - ლუკას მოურა „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ აკონტროლებდა. რა გასაკვირია, 26 წლის ფეხბურთელმა კარიერის თამაში ჩაატარა. „იოჰან კრუიფ არენაზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და გამარჯვების გოლი მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გაიტანა.
გოლი, რომელმაც „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა. „ჰოტსპურსს“ აქამდე ორჯერ მოუგია უეფას თასი (1972 და 1984 წლებში) და ერთხელაც თასების თასი (1963 წელს), მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სხვა განზომილებაა, სხვა გემო აქვს და თანაც, თანამედროვე რეალობაში, როდესაც ფინანსური შესაძლებლობები ბევრ რამეს განაპირობებს.
მაგალითისთვის, „ლივერპულმა“, რომელიც „ტოტენჰემის“ მეტოქე იქნება ფინალში, გასულ ზაფხულს მხოლოდ ოთხ ფეხბურთელში (ალისონი, კეიტა, ფაბინიო და შაქირი) 180 მილიონი ევრო დახარჯა. საპასუხოდ კი, „მამლებმა“? - საერთოდ არაფერი!
დიახ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არც 2019 წლის იანვრის სატრანსფერო პერიოდში და არც იქამდე, 2018 წლის ზაფხულში ერთი ფეხბურთელიც არ დაუმატებია. ოდენ 2017 წლის ზაფხულში შეიძინა ახალი ფეხბურთელები - სერჟ ორიე, ფოიტი, ლორენტე და სანჩესი... ბოლო შენაძენი კი, 2018 წლის 31 იანვრით თარიღდება და სიმბოლურია, რომ ის მაგიური საღამოს გმირი ლუკას მოურა გახლავთ! ლონდონელებმა თითქმის წლიწადნახევრის წინ პსჟ-ს ბრაზილიელის სანაცვლოდ 28.4 მილიონი ევრო გადაუხადეს... მართლაც საინტერესო დამთხვევა - „ტოტენჰემმა“ უკანასკნელაც ფეხბურთელი 16 თვის წინ შეიძინა და სწორედ მან გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
შესაძლოა, ბევრისთვის პარადოქსი იყოს, მაგრამ რეალობაა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ტრანსფერების გარეშეცაა შესაძლებელი...