ლონდონის „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. საერთოდ, ეს ერთადერთი ევროტურნირია, რომელიც აქამდე „ჰოტსპურსს“ არ მოუგია და თუ 1-ელ ივნისს, მადრიდში გამარჯვებას იზეიმებს, ისტორიის ნაწილიც გახდება.
საქმე ისაა, რომ აქამდე უეფას ყველა ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა/თასი, უეფას თასი და აწ გაუქმებული თასების თასი) მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს მოგებული.
პირველად ასეთ შედეგს ტურინის „იუვენტუსმა“ მიაღწია. „იუვემ“ ე.წ „უეფას ტრიპლი“ 1985 წელს შეასრულა, როდესაც ჩემპიონთა თასი მოიგო. მანამდე „ბებერ ქალბატონს“ უეფას თასი (1978 წელს) და თასების თასი (1984 წელს) ჰქონდა მოგებული.
„იუვენტუსის“ შემდეგ მეორე გუნდი, რომელმაც მსგავს შედეგს უწია ამსტერდამის „აიაქსია“. ჰოლანდიურმა გრანდმა 1971 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, 1987 წელს თასების თასი, ხოლო 1992 წელს უეფას თასი.
მესამე გუნდი, რომელმაც სამივე უეფას ტურნირი მოიგო მიუნხენის „ბაიერნია“. „რეკორდმაისტერს“ 1974 წელს ჩემპიონთა თასი, ხოლო 1967 წელს თასების თასი მოეგო, 1996 წელს მოგებული უეფას თასით კი „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მიღწევა გაიმეორა.
„ბაიერნის“ შემდეგ ინგლისური გუნდების ჯერი დადგა. ლონდონის „ჩელსიმ“ 2012 და 2013 წლებში მიჯრით მოიგო ჯერ ჩემპიონთა ლიგა და მერე ევროპა ლიგა (უეფას თასის ანალოგი) და ვინაიდან, მანამდე 1971 წელს თასების თასიც ჰქონდა მოგებული, ხსენებული გუნდების ჩამონათვალში დაიკავა თავისი ადგილი.
ბოლო გუნდი კი, რომელმაც ყველა ევროტურნირის მოგება შეძლო, „მანჩესტერ იუნაიტედია“. „წითელმა ეშმაკებმა“ 1968 წელს ჩემპიონთა თასი მოიგეს პირველად, 1991 წელს თასების თასზე გაიმარჯვეს, ხოლო 2017 წელს ევროპა ლიგაზე დაასრულეს ასპარეზობა ტრიუმფით.
სხვათა შორის, ზემოხსენებულ ხუთივე გუნდს უეფას კიდევ ერთი შეჯიბრება, უეფას ევროპის სუპერთასიც აქვთ მოგებული, „ტოტენჰემს“ კი არა. თუმცა, თუ „მამლები“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებენ, ამ ჯილდოს დაუფლების შანსიც მიეცემათ.
შენიშვნა: წერილში ნახსენებია გუნდების მიერ პირველად მოპოვებული ჩემპიონის ტიტულები კონკრეტულ ტურნირებზე და არა ყველა ჩემპიონობა.