რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში ფრანკ რიბერი გუნდს დატოვებს. ამრიგად, სრულდება 12-წლიანი ეპოქა, რომელმაც არაერთი დიდებული თამაში და სეზონი დაიტია. რიბერი "რეკორდმაისტერის" ცოცხალი ლეგენდაა და მისი სახელი ამ უდიდესი გუნდის საოცარ ისტორიაში ოქროს ასოებით შემოინახება.
ძნელია, 12 წელიწადში მხოლოდ 12 ეპიზოდი, თამაში თუ მოვლენა გამოარჩიო. ფაქტია, რიბერიმ 2007 წლიდან დღემდე "რეკორდმაისტერისთვის" იმდენი გააკეთა, ცალკე წიგნის დაწერაც რომ შეიძლება. იქამდე, სანამ ფრანგის შესახებ წიგნი გამოიცემა, წარმოგიდგენთ მიუნხენურ კარიერაში 12 გამორჩეულ მომენტს.
პირველი გოლი ბუნდესლიგაში
18 აგვისტო, 2007. „ვერდერი“ – „ბაიერნი“ 0:4
2007 წლის ზაფხულში რიბერი „ბაიერნში“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან მოირგო 7-ნომრიანი მაისური, რომელიც მანამდე კლუბის ლეგენდისგამ მეჰმეთ შოლისგან გათავისუფლდა. რობერიმ თავიდანვე შედეგიანად დაიწყო და ლიგის თასზე ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. თუმცა, ეს იყო ბუნდესლიგის დაწყებამდე.
ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი კი, მეორე ტურში ბრემენში, „ვერდერის“ წინააღმდეგ გაიტანა. 24 წლის ფრანგმა პენალტი პანენკას სტილში შეასრულა. რიბერიმ შესანიშნავად ჩაატარა პირველივე სეზონი და „კაიზერ ფრანკის“ მეტსახელიც დაიმსახურა (ფრანც ბეკენბაუერის საპატივცემულოდ.
ბუნდესლიგის პირველი ტიტული
27 აპრილი, 2008. „ბაიერნი“ – „შტუტგარტი“ 4:1
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მეოცე ტიტული „ალიანც არენაზე“ „შტუტგარტის“ ძლევის შემდეგ გაიფორმა. ამ თამაშის შემდეგ მიუნხენელების დაწევის შანსი „ვერდერმა“ საბოლოოდ დაკარგა.
რიბერიმ ამ შეხვედრამდე სამი დღით ადრე უეფას თასის ნახევარფინალში „ზენიტს“ გაუტანა და „შტუტგარტთან“ მოედანზე მხოლოდ 57-ეწუთზე გამოჩნდა. ფრანგმა დარჩენილ დროში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ადვილ გამარჯვებაში დაეხმარა.
„შტუტგარის“ მწვრთნელმა არმინ ფემ რიბერის მსოფლიო დონის მოთამაშე უწოდა, ხოლო იმავე წელს ფრანკი როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„რობერის“ დაბადება
29 აგვისტო, 2009. „ბაიერნი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0
მოქმედ ჩემპიონ „ვოლფსბურგთან“ თამაში რიბერიმ და რობენმა სათადარიგო სკამიდან დაიწყეს. ჰოლანდიელი „რეალიდან“ „ბაიერნში“ ახალი გადასული გახლდათ და ლუის ვან გაალმა არიენი თამაშში შესვენების შემდეგ ჩართო, ხოლო რიბერი ოდნავ მოგვიანებით, 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე. სწორედ იმ დღეს დაიბადა დიდებული ტანდემი. 68-ე და მე-80 წუთებზე რობენმა დუბლი შეასრულა და ორივე შემთხვევაში საგოლე პასები რიბერიმ გააკეთა. დაუვიწყარმა ტანდემმა მუშაობა თავიდანვე ეფექტურად დაიწყო.
მეორე გერმანული დუბლი
3 აპრილი, 2010. „შალკე“ – „ბაიერნი“ 1:2
2009-2010 წლების სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ბაიერნი“ „შალკეს“ 2 ქულით ჩამორჩებოდა. გელზენკირხენში კი ჩემპიონობის მაძიებელთა დაპირისპირება გაიმართა. 25-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ანგარიში გახსნა, ერთი წუთის შემდეგ ტომას მიულერმა მეორე გოლიც გაუტანა.
მოგვიანებით გერმანიის თასის ფინალში რიბერიმ ოთხიდან ერთი გოლის გატანა შეძლო. ეს მნიშვნელოვანი წელი იყო, „რეკორდმაისტერს“ ტრიპლეტის შესრულება შეეძლო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ 0:2 წააგო. რიბერის ამ შეხვედრაში ტრავმის გამო არ უთამაშია. სეზონის ბოლოს კი, ფრანგმა გერმანულ გიგანტთან ახალი კონტრაქტი გააფორმა 2015 წლის ჩათვლით.
„ჰამბურგის“ რბევა
12 მარტი, 2011. „ბაიერნი“ – „ჰამბურგი“ 6:0
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „ბაიერნის“ საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. სეზონის დასრულებამდე 9 თამაში რჩებოდა, ხოლო პირველი „ჰამბურგის“ წინააღმდეგ.
40 წუთის განმავლობაში გულშემატკივარს გოლი არ უნახავს, მაგრამ შემდეგ რიბერიმ თამაშ საკუთარ თავზე აიღო და რობენს გოლი გაატანინა. შემდეგ ჰოლანდიელმა პენალტი გაიტანა და ბოლოს ჰეთ-თრიქიც შეასრულა ისევ რიბერის პასით. საბოლოოდ, რიბერიმ გოლიც გაიტანა და სამი საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო „ბაიერნმა“ 6:0 გაიმარჯვა, მაგრამ სატურნირო ცხრილში „დორტმუნდს“ ვეღარ აჯობა.
ასისტების მეფე
10 მარტი, 2012. „ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 7:1
2011-2012 წლების სეზონი „ბაიერნის“ ფანებს ურჩევნიათ საერთოდ არ გაიხსენონ, მაგრამ პერსონალურად რიბერისთვის საუკეთესო სტატისტიკების სეზონი იყო. ამ სეზონში ბუნდესლიგის 33 მატჩში ფრანგმა 12 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი შეასრულა.
„ჰოფენჰაიმთან“ თამაში კი, მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი ტაიმის მხოლოდ 17 წუთში ფრანკმა საგოლე პასების ჰეთ-თრიქი შეასრულა, გოლები კი კროოსმა, რობენმა და გომესმა გაიტანეს. „ბაიერნმა“ 7:1 მოიგო და რიბერიმ ბოლო გოლი გაიტანა.
ერთი კვირის შემდეგ „ბაიერნი“ „ჰერტას“ შეხვდა და 6:0 მოუგო. რიბერიმ კი საგოლე პასებით ჰეთ-თრიქი კიდევ ერთხელ შეასრულა. იმ სეზონში „ბაიერნი“ ჩემპიონი ვერ გახდა და „დორტმუნდს“ ისევ ჩამორჩა. გარდა ამისა, გერმანიის თასის ფინალშიც წააგო იურგენ კლოპის გუნდთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალი საკუთარ „ალიანც არენაზე“ ლონდონის „ჩელსისთან“ წააგო.
მარცხენა ფეხის სასწაული
18 მაისი, 2013. „გლადბახი“ – „ბაიერნი“ 3:4
საშინელი სეზონის შემდეგ „ბაიერნი“ ჩვეულ დონეს დაუბრუნდა და მიჯრით 8 გამარჯვება მოიპოვა. ბუნდესლიგაში პირველი ადგილი კი სეზონის დასრულებამდე არ დაუთმია. რიბერიმ ყველაზე კარგი თამაში ბოლო ტურში „გლადბახთან“ ჩაატარა.
მეხუთე წუთზე „ბაიერნი“ 0:2-ს აგებდა, ხოლო მეათეზე 1:3-ს. მიუნხენელებმა ამ ეპრიოდში ხავი მარტინესის გოლით დაასველეს ანგარიში, რომელმაც რიბერის პასით გაიტანა. დარჩენილ დროში კი, „ბაიერნმა“ ქამ-ბექი შემოგვთავაზა. რიბერიმ დუბლი შეასრულა,რასაც ორი საგოლე პასიც დაუმატა. ფრანკმა ყველაფერი მარცხენა ფეხით გააკეთა. 2013 წელს რიბერი „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჩამორჩა.
ჩემპიონთა ლიგის მოგება
25 მაისი, 2013. „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 2:1
2012-2013 წლების სეზონი დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალით. რიბერის 2010 წლის ფინალი ტრავმის გამო გაუცდა, ხოლო 2012 წელს საკუთარ მოედანზე წააგო. მესამე ჯერზე „ბაიერნის“ მეტოქე კარგად ნაცნობი „დორტმუნდი“ იყო. რიბერიმ კი, თავისი გუნდის გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში რობენს დროული პასი მისცა, რომელმაც მანჯუკიჩს გაატანინა, ხოლო მეორე გოლის დროს თავის მეგობარ არიენს საგოლე პასი გაუკეთა.
ერთ კვირაში „ბაიერნმა“ გერმანიის თასიც მოიგო და სეზონი ტრიპლეტით დაასრულა.
100 გოლი და ფრანგული რეკორდი
6 დეკემბერი, 2014. „ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ 1:0
2014-2015 წლების სეზონის მე-14 ტურში რიბერიმ „ლევერკუზენის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იყო „ბაიერნის“ მაისურით 287-ე მატჩში მეასე გოლი. გარდა ამისა, 186-ე თამაში ბუნდესლიგაში, რაც ფრანგი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.
ბრწყინვალე გოლი „აინტრახტთან“
2 აპრილი, 2016. „ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 1:0
2015-2016 წლების სეზონში რიბერის პრობლემები ჰქონდა. 20 თებერვლამდე ბუნდესლიგაში ერთადერთი თამაში ჰქონდა ჩატარებული. 28-ე ტურში „აინტრახტთან“ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. მარიო გიოტცეს ძლიერი დარტყმა ლუკაშ ჰრადეცკიმ მოიგერია, მაგრამ რიბერიმ დამატებაზე „მაკრატელა“ დარტყმით შესანიშნავი გოლი მიითვალა.
ეს იყო ბუნდესლიგაში 70-ე გოლი. მანამდე, ერთი კვირით ადრე კი, ბუნდესლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა. საოცარი ციფრები.
კოცნა, როგორც საჩუქარი
8 აპრილი, 2017. „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:1
ბოლო წლებში „ბაიერნმა“ არაერთელ დაამტკიცა თავისი უპირატესობა და განსაკუთრებით, „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.
2016-2017 წლების სეზონში „დორტმუნდთან“ მატჩამდე კარლო ანჩელოტის გუნდი „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა. „ყვითლებთან“ კი რიბერიმ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში და ცოტა ხანში პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა. ბოლოს ფრანკმა რობენს საგოლე პასიც გაუკეთა. შედეგად, „ბაიერნმა“ სეზონის ბოლოს კონკურენტებს 18 ქულით აჯობა. ანჩელოტიმ მეორე ტაიმში რიბერი შეცვალა და აკოცა:
„ფრანკს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და პატარა კოცნა დაიმსახურა“, - თქვა იტალიელმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ.
სარეკორდო ჩემპიონის ტიტული დაბადების დღეზე
7 აპრილი, 2018. „აუგსბურგი“ – „ბაიერნი“ 1:4
ერთი წლის შემდეგ რიბერის კიდევ უფრო შთამბეჭდავი დაბადების დღე ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში რიბერიმ ლეგიონერის სტატუსით მიუნხენელთა რიგებში სარეკორდო თამაში ჩაატარა, ხოლო თავის დაბადების დღეს მერვედ მოიგო „ვერცხლის სინი“. მეჰმეთ შოლი, ოლივერ კანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი - ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთაც რიბერის გარდა გერმანიაში 8 საჩემპიონო ტიტული აქვთ მოგებული.
ფრანკ რიბერიმ მიმდინარე სეზონში მე-14 ტურში „ნიურნბერგს“ გაუტანა და გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი. 2018-2019 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და „ბაიერნი“ ძალიან ახლოსაა და ჩემპიონის ტიტულთან. თუ ასე მოხდა, რიბერი გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც „ვერცხლის სინი“ ცხრაჯერ ექნება მოგებული.