ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას 30-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“ უშუალო კონკურენტი „მურსია“ სტუმრად 74:61 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მთელი თამაში „გიპუზკოას“ უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვებაც ადვილად და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. მატჩის MVP კი ჩვენებური ბექა ბურჯანაძე გახდა.
ქართველმა კალათბურთელმა 29:22 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.
„გიპუზკოამ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 30 ტურის შემდეგ 10 მოგების წილ 20 მარცხი აქვს და გასავარდნი ზონა დატოვა. ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები ამჟამად მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ უმასპინძლებენ.