ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის, ფაბიო კაპელოს განცხადებით, „ბარსელონამ“ თავის დროზე ლიონელ მესი მისი წყალობით შეინარჩუნა. კაპელომ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მესი დიდ საფეხბურთო სცენაზე პირველად გამოჩნდა.
„ერთხელ ლაპორტამ მითხრა, რომ მესი „ბარსელონაში“ ჩემი დამსახურებით იყო. გამპერის თასზე, როდესაც „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვიყავი 17 წლის მესიმ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა. 20 წუთის შემდეგ ფრანკ რაიკაარდთან მივედი ვუთხარი: „თქვენთან ვერ ითამაშებს, რადგან ლეგიონერების ლიმიტია, დაგვითმეთ ჩვენ და ერთი წლის შემდეგ უკან დაგიბრუნებთ“.
რეალურად მესი იჯარით უკვე გასხვისებული ყავდათ, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა. ლაპორტა საქმეში ჩაერია და თქვა: „რადგან კაპელო ასე ფიქრობს, მაშინ უნდა შევინარჩუნოთ“, - გაიხსენა კაპელომ.
იტალიელმა სპეციალისტმა 2005 წლის ზაფხულში გამპერის თასზე „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობმა მესიმ ტურინელთა სანაქებო დაცვას შავი დღე აყარა.