მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი რენატუ სანჩესი გერმანული გუნდის დატოვებას აპირებს. 21 წლის ნახევარმცველი მიუნხენში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
როგორც თავად განაცხადა, სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა და მზადაა „ბაიერნი“ ზაფხულში დატოვოს.
„ყველამ კარგად იცის, რომ თამაში მინდა, 5 წუთი ჩემთვის საკმარისი არაა. თამაში არის ის, რაც მიყვარს. ვარჯიშებზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაჩვენებ, ეს მწვრთნელმა და თანაგუნდელებმაც იციან. ყოველთვის მზად ვარ თუნდაც ცოტა დროის სათამაშოდ, მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის და მინდა ყოველჯერზე მოცემული შანსი გამოვიყენო.
ვფიქრობ, „ბაიერნის“ მალე დატოვება სწორი იქნება. არ ვიცი ეს იჯარით მოხდება თუ არა, ვნახოთ. შევაფასებ რა არის ჩემთვის უკეთესი, უბრალოდ მეტი თამაში მინდა.
15 წელი ფეხბურთის სათამაშოდ კიდევ მაქვს და ჩემი მომავალი შესაძლოა კარგი იყოს“, - თქვა რენატუმ.
შეგახსენებთ, რომ რენატუ სანჩესმა სახელი „ბენფიკაში“ გაითქვა. საიდანაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და გარდა იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ჩემპინი გახდა, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.
საბოლოოდ, იმ ზაფხულს „ბაიერნში“ 35 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა „რეკორდმაისტერის“ რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. გასული სეზონი კი იჯარით „სუონსი სიტიში“ გაატარა, მაგრამ ვერც ამ გუნდში გამოიჩინა თავი.
მიმდინარე სეზონში კი, ბუნდესლიგაში მხოლდო 16 თამაში ჩაატარა და აქედან ოთხჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში, გოლი კი არ გაუტანია.