მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება და ერთ-ერთ ყველაზე დიდი ინტრიგაა ვის დარჩება 2019 წლის „ოქროს ბუცი“. ტიტული, რომელიც ჩემპიონატებში საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.
თავდაპირველად წესებს შეგახსენებთ. ტოპ ხუთ ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) გატანილი ერთი გოლი 2 ქულას უდრის, მეექვსე ადგილიდან 22-ე ადგილამდე მყოფ ჩემპიონატებში გოლი 1.5 ქულით, ხოლო დანარჩენ ლიგებში 1 ქულით ფასდება.
აქედან გამომდინარე „ოქროს ბუცს“ ძირითადად ის ფეხბურთელები იგებენ, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ. წელსაც ასე იქნება, ან ლიონელ მესი მოიგებს, ან კილიან მბაპე.
„ბარსელონას“ არგენტინელ ვარსკვლავს ამ დროისთვის 33 გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი და შესაბამისად, 66 ქულა აქვს, ხოლო მისი უახლოეს მდევარ მბაპეს 30 გოლი და 60 ქულა გააჩნია.
წინ კი 5-5 ტურია. მესისა და „ბარსელონას“ კალენდარი ასეთია:
„ალავესი“ (გასვლა), „ლევანტე“ (სახლი), „სელტა“ (გასვლა), „ხეტაფე“ (სახლი), „ეიბარი“ (გასვლა).
მბაპესა და პსჟ-ს კი ამ გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ გარჯა:
„მონპელიე“ (გასვლა), „ნიცა“ (სახლი), „ანჟერი“ (გასვლა), „დიჟონი“ (სახლი), „რეიმსი“ (გასვლა).
ცნობისთვის, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მესამე ადგილზე გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელაა, რომელსაც ამ დრომდე 23 გოლი აქვს გატანილი (44 ქულა), თუმცა ცალსახაა, რომ მესისა და მბაპეს დუელში ვეღარ ჩაერევა.