კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე „მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრას სერიოზულად ეკიდება.
ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, „მანჩესტერი“ სტუმრად ძალიან ძლიერია და მისმა გუნდმა პირველი მატჩის შედეგი უნდა დაივიწყოს.
„არ ვიცი, მეტოქის წინააღმდეგ რომელი გეგმაა საჭირო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მისი შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ. „მანჩესტერმა“ ოთხიდან სამი საგარეო მატჩი მოიგო, მათ შორის „იუვენტუსთან“ და პსჟ-სთან, სადაც ბოლო წუთებში გაიტანა.
ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ სტუმრად გავიტანეთ, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არაა. ჩვენს შანსზე არ ვისაუბრებ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უპირატესობა გვაქვს, ეს დიდი სისულელე იქნება. მეტოქის პოტენციალს ვიცნობთ.
იმედი გვაქვს, რომ ნახევარფინალში გავალთ, მაგრამ ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გვყავს. სტატისტიკა მხოლოდ წარსულია, მაგრამ არა მომავალი. თუმცა, ის ფაქტი, რომ მესის 2013 წლის შემდეგ მეოთხედფინალში გოლი არ გაუტანია, ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა“, - თქვა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა 16 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.