არაბულ საემიროებში, ქალაქ ალ აინში დამთავრდა მესტენდურთა მსოფლიოს თასის გათამაშება მრგვალ სტენდზე სროლაში, სადაც ჩვენი წარგზავნილებიდან ყველაზე უკეთ ვლადიმერ ნარჩემაშვილი გამოვიდა - 119 ქულა და ზუსტად მე-40 ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ამდენივე ქულა ჰქონდა 30-ე ადგილოსანსაც, ხოლო ფინალში გამსვლელი 122 ქულა აღმოჩნდა. ნარჩემაშვილმა პირველი დღის მონაგარს (23 და 24 ქულა) დღეს 23, 25 და 24-იც მიუმატა.
თენგიზ იმნაიშვილი 116 ქულით (21, 24, 24, 23, 24) 72-ზე გავიდა, დავით ქვათაძე კი 109-ით (24, 21, 23, 20, 21) 104-ეა.
საკვალიფიკაციო ეტაპი შესარჩევისთვის მსოფლიოს ახალი რეკორდით მოიგო 24 წლის ავსტრალიელმა ლუკა პეტერ არგირომ - ის პირველი დღის შემდეგაც უდანაკარგოდ, 50 ქულით ლიდერთა შორის შედიოდა, არც დღეს აუცილებია სამიზნე და 125-დან 125 ქულა დააგროვა!
პირველ დღეს მასავით უდანაკარგოდ მოასპარეზე ხუთეულიდან ფინალში მხოლოდ ნორვეგიელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ერიკ ვატნდალი შევიდა, ვინც დღეს მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა და 124-ით დაამთავრა გამოსვლა. ამდენივე დააგროვა ყატარელმა რაშიდ ჰამადმა. მათ შორის დაინიშნა გადასროლა, რომელიც ერთი ქულით ნორვეგიელმა მოიგო და მეორე ადგილიც მას დარჩა, ჰამადი კი მესამე ნომრად შევიდა ფინალში. საუკეთესო ექვსეულში 123-123 ქულით ასევე მოხვდნენ ქუვეითელი მანსურ ალ რაშიდი და ავსტრიელი სებასტიან კუნჩიკი. მეექვსე ფინალისტი 122-ით დანიელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იესპერ ჰანსენი გახდა, თუმცა მას საამისოდ გადასროლა დასჭირდა კიდევ სამ მსროლელთან.
ფინალში ყველაზე უკეთ ქუვეითელი ალ რაშიდი გაისარჯა - 56 ქულით გაიმარჯვა. მეორეზე 54-ით ჰანსენი გავიდა, ბრინჯაო კი არგირომ დაისაკუთრა 42-ით.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური