დონეცკის „შახტარი“ უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა. პაულო ფონსეკას გუნდმა მეოთხედფინალში მთავარი კონკურენტი კიევის „დინამო“ დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 1:1 დასრულდა, ხოლო გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც დონბასელებმა ივარგეს (4:3) და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.
ნამატჩევს „შახტარის“ ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ისაუბრა. ცნობისთვის, ჩვენებურმა ამ შეხვედრაში ტრადიციისამებრ შეუცვლელად ითამაშა:
„დინამო“ ძალიან კარგად თამაშობდა კონტრშეტევებზე, თუმცა შესვენებაზე ფონსეკა დაგველაპარაკა, ცოტა ხმასაც აუწია და მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. რთული იყო მორაეშის გაძევების შემდეგ თამაში, განსაკუთრებით 10 მოთამაშით გადაწყობის დროს, იყო პატარა გაუგებრობა, მაგრამ საბოლოოდ, პენალტების სერიამდე მივედით და გავიმარჯვეთ. გამარჯვება ჩვენც ძალიან გვინდოდა და „დინამოსაც“, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს იყო.
გვაქვს თუ არა განცდა, რომ ეს ფინალი იყო? არა, ეს მხოლოდ მეოთხედფინალი გახლდათ, სხვა გუნდებიც არიან ტურნირზე. დასასრულამდე კიდევ ორი თამაშია დარჩენილი. ვფიქრობ, ყველასთან ძნელი იქნება თამაში“, - უთხრა ხოჭოლავამ Football 1-ს.